„როიტერი“ – ანტისამთავრობო დემონსტრაციების შესაჩერებლად ალბანეთის პრემიერის ახალი ზომების მიუხედავად, ტირანას ქუჩებში ასობით მომიტინგე შეიკრიბა
ანტისამთავრობო დემონსტრაციების შესაჩერებლად ალბანეთის პრემიერ-მინისტრს, ედი რამას ახალი ზომების მიუხედავად, დედაქალაქ ტირანას ქუჩებში ასობით მომიტინგე შეიკრიბა.
აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროს წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ გაემართნენ.
„როიტერის“ ცნობით, ალბანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების მიხედვით, პირებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ძალადობრივ საპროტესტო აქციაში, მაშინაც კი, თუ ისინი ძალადობრივ აქტებს უშუალოდ არ ჩაიდენენ, 500 000 ლეკის (6 188 აშშ დოლარი) ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.
ცნობისთვის, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ანტისამთავრობო აქციები, რამდენიმე დღეა, გრძელდება. აქციის მონაწილეები სწავლის საფასურის შემცირებას, განათლების დაფინანსების გაზრდასა და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვენ. დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომაა.
თავად მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მოქალაქეების რეალურ პრობლემებს ძალადობრივი ჯგუფები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.