„როიტერი“ - „ალიბაბას“ დამფუძნებელი და ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი ჯეკ მა კომპანიის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს
„როიტერი“ - „ალიბაბას“ დამფუძნებელი და ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი ჯეკ მა კომპანიის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს

ინტერნეტვაჭრობის მსოფლიო გიგანტის, ჩინური „ალიბაბას“ დამფუძნებელი და ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი ჯეკ მა კომპანიის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს. 460 მილიარდ დოლარად შეფასებულ კომპანიას ხვალიდან დანიელ ჯანგი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჯეკ მა, რომელიც ხვალ 55 წლის იუბილეს იზეიმებს, იმავე დღეს ოფიციალურად დატოვებს „ალიბაბას“ და პომპეზურ გამოსამშვიდობებელ საღამოს ჰანგჯოუს ოლიმპიური თამაშების სტადიონზე მოაწყობს, რომელიც 80 ათას ადამიანს იტევს.

გავრცელებული ინფორმაციით, მა კომპანიიდან საკმაოდ რთულ პერიოდში მიდის, რადგან ონლაინ კომერციული გიგანტს ვაჭრობა მკვეთრად შეუმცირდა.

„როიტერის“ ცნობით, „ალიბაბას“ ახალი მმართველი სიმკაცრით არის ცნობილი და რადიკალურად განსხვავდება ჯეკ მასგან, რომელმაც ყველზე ქარიზმატული ჩინელი ბიზნესლიდერის სახელი დაიმკვიდრა და მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ჩინელი ბიზნესმენია.

თავისი მომავალი გადადგომის შესახებ მამ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, რითაც მსოფლიოს ბიზნესამყარო ძალიან გააკვირვა, რადგან დამფუძნებლები კომპანიებს ასეთ ადრეულ ასაკში იშვიათად ტოვებენ.

პროფესიით ინგლისური ენის მასწავლებელმა ჯეკ მამ „ალიბაბა“ 20 წლის წინ დაარსა და აზიის ყველაზე მდიდარ კომპანიად აქცია, რომლის კაპიტალიზაციაც 460 მილიარდ დოლარს შეადგენს და 100 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. გარდა ვაჭრობისა, „ალიბაბა“ ფინანსური მომსახურების, ტექნოლოგიური და ხელოვნური ინტელექტის სფეროებშიც შევიდა.

მა, რომელიც გამოცემა „ფორბსის“ შეფასებით 38.4 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და ჩინეთის უმდიდრესი ადამიანია, კომპანიიდან წასვლის შემდეგაც გააგრძელებს მენეჯმენტის ზედამხედველობას. მისი განცხადებით, გადადგომის შემდეგ, იგი ძირითად ფილანტროპიითა და საგანმანათლებლო სფეროთი იქნება დაკავებული. პარალელურად, მა ისევ დარჩება „ალიბაბას“ 38 კაცისაგან შემდგარი საპარტნიორო გუნდის წევრად.