„როიტერი“ - ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მომავალი ელჩი კატარსა და ისრაელში გაემგზავრა, რათა ტრამპის ინაუგურაციამდე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას ხელი შეუწყოს
„როიტერი“ - ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მომავალი ელჩი კატარსა და ისრაელში გაემგზავრა, რათა ტრამპის ინაუგურაციამდე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას ხელი შეუწყოს

ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის მომავალი ელჩი სტივ ვიტკოფი გაემგზავრა კატარსა და ისრაელში იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დიპლომატიურ ძალისხმევას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად იქამდე, ვიდრე 20 იანვარს თანამდებობას დაიკავებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ვიტკოფი ცალ-ცალკე შეხვდა კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრებმა აჩვენა, რომ კატარი კვლავ აღადგენს თავის როლს შუამავლის სახით საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

წყაროს თქმით, „ჰამასის“ მომლაპარაკებელთა გუნდი უახლოეს მომავალში დოჰაში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჩავა. წყაროს თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა ღაზის სექტორში ტრამპის ინაუგურაციამდე, რათა ახალმა ადმინისტრაციამ შეძლოს სხვა საკითხებზე მუშაობა, მათ შორის, ღაზის სექტორისა და რეგიონის სტაბილიზაციაზე.

ვიტკოფი ისრაელელი მძევლების ოჯახებსაც შეხვდა, სადაც გეგმის შესახებ ესაუბრა.

ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ღაზის სექტორში მძევლებს მის ინაუგურაციამდე არ გაათავისუფლებენ, „ჯოჯოხეთურ საფასურს გადაიხდიან“.