როგორია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა აშშ-ში
როგორია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა აშშ-ში

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გასაჯაროების შემდეგ, „დემოკრატების“ ლიდერმა წარმომადგენლთა პალატაში, ნენსი პელოსიმ განაცხდა, რომ მზადაა, ოფიციალურად დაიწყოს აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა.

როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის დროს დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლებისგან 2020 წლის არჩევნებზე მის შესაძლო კონკურენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

აშშ-ის კონსტიტუცია ანიჭებს უფლებას კონგრესს, უფლებამოსილება შეუჩეროს პრეზიდენტს, თუ კანონმდებლები ჩათვლიან, რომ ქვეყნის პირველმა პირმა „სახელმწიფოს უღალატა, ქრთამი აიღო ან სხვა სერიოზული უკანონობა ჩაიდინა“.

აშშ-ის ისტორიაში იმპიჩმენტი პრეზიდენტს სულ სამჯერ გამოუცხადეს. 1868 წელს კონგრესმა სცადა ენდრიუ ჯონსონის გადაყენება, 1998 წელს იმპიჩმენტი გამოუცხადეს ბილ კლინტონს, თუმცა სენატმა ორივე ეს ინიციატივა დაბლოკა და ორივემ შეინარჩუნა თანამდებობა.

1974 წელს რიჩარდ ნიქსონმა იმპიჩმენტის მუქარის გამო დატოვა თანამდებობა, ისე რომ კონგრესის გადაწყვეტილებას არ დალოდებია.

რა შეიძლება იყოს იმპიჩმენტის საბაბი

კონსტიტუციის ავტორები იმპიჩმენტის გამოცხადების საბაბად სხვადასხვა დანაშაულს მიიჩნევენ. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფორმალურად კანონის დარღვევა, არამედ პრეზიდენტის მხრიდან უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაც.

1788 წელს აშშ-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავის ნაშრომში განმარტა, რომ იმპიჩმენტი შეიძლება იყოს „საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენება“, თუ ეს პოლიტიკური მიზნებით არის გაკეთებული.

დღეს ტრამპისა და მისი კომერციული დაწესებულებების წინააღმდეგ გამოძიებას წარმომადგენელთა პალატის ექვსი კომიტეტი ატარებს.

ბილ კლინტონისა და რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიციატივა წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს ეკუთვნოდა.

კანონი აძლევს უფლებას კონგრესს შექმნას სპეციალური კომიტეტიც, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას გამოიძიებს.

საკმარისი მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ, კონგრესის კომიტეტები რეკომენდაციას აძლევენ წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას, მხარი დაუჭირონ იმპიჩმენტს. გადაწყვეტილებას უბრალო უმრავლესობა იღებს.

შემდეგ ბრალდება უნდა განიხილოს სენატმა. ამ სხდომების თავმჯდომარე აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მეთაურია. მისი მოვალეობაა პროცედურის დაცვა.

ბრალდების მხარეს არიან წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფი, ხოლო პრეზიდენტს მისი პირადი ადვოკატები იცავენ, სენატორები ნაფიც მსაჯულთა როლში არიან.

თუ სენატორების ორი მესამედი ჩათვლის რომ პრეზიდენტი დამნაშავეა, მაშინ იმპიჩმენტი შედგება, ის ტოვებს თანამდებობას და მის ადგილს ვიცე-პრეზიდენტი იკავებს.

ჯერ მსგავსი პრეცედენტი აშშ-ის ისტორიაში არ მომხდარა.

რამდენად რეალურია იმპიჩმენტი

როგორც ნიუ იორკ თაიმსი წერს, დღეს ტრამპის იმპიჩმენტს მხარს წარმომადგენელთა პალატის 435 წევრიდან 179 უჭერს, 73 წინააღმდეგია, 183-ს კი პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბდა.

ამასთან აშშ-ის კონსტიტუცია არ ავალდებულებს სენატს იმპიჩმენტის სხდომის გამართვას, რაც კონგრესის ზედა პალატის უმრავლესობის ლიდერს აძლევს უფლებას უბრალოდ არ დანიშნოს სხდომა.

ასევე უმრავლესობის ლიდერს აქვს უფლება, ჩაატაროს კენჭისყრა, რომლის ფარგლებშიც იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას უბრალოდ უარყოფენ, ისე, რომ საკანონმდებლო მტკიცებულებების განხილვაც კი არ მოხდება.

სენატში უმრავლესობა დღეს რესპუბლიკელებს ჰყავთ.