როგორი იქნება დედამიწა, თუ ოკეანეები დაშრება — ნასას ანიმაცია
როგორი იქნება დედამიწა, თუ ოკეანეები დაშრება — ნასას ანიმაცია

ოკეანეები დედამიწის უმეტეს ნაწილს ფარავს, მათ შორის ყველაზე გრძელ მთის ქედს და უძველეს ბუნებრივ ხიდებს, რომელთა საშუალებითაც ადამიანები კონტინენტიდან კონტინენტზე გადავიდნენ.

ნასას 2008 წლის ვიდეოს ახლად გადაკეთებულ ვერსიაში, პლანეტური მეცნიერი ჯეიმს ო’დონოგი გვიჩვენებს, როგორი იქნება დედამიწა, თუ წყალი მთლიანად აორთქლდება და გამოჩნდება დედამიწის ზედაპირის სამი-მეხუთედი დამალული ნაწილი.

ო’დონოგი ამჟამად იაპონიის კოსმოსურ სააგენტოში (JAXA) მუშაობს, წარსულში კი ნასაში მუშაობდა. ახალი ანიმაციის შესაქმნელად, მან 2008 წელს ნასას ფიზიკოსისა და ანიმატორის, ჰორას მიტჩელის მიერ გაკეთებული ვიდეო აიღო და ცოტა რამ დაამატა. მან შეასწორა ქრონოლოგია და დაამატა ტრეკერი, რათა ეჩვენებინა, რამდენი წყალი აორთქლდებოდა ანიმაციის დროს.

ოკეანეებიდან წყლის ნელ-ნელა დაკარგვასთან ერთად, დამალული ხმელეთიდან პირველი ჩნდება კონტინენტური შელფები — თითოეული კონტინენტის წყალქვეშა კიდეები.

კონტინენტური შელფები მოიცავს ზოგიერთ სახმელეთო ხიდს, რომლებიც ადრეულმა ადამიანებმა გადაკვეთეს კონტინენტიდან კონტინენტზე მიგრაციისას. ათობით ათასი წლის წინ, ჩვენი წინაპრები კონტინენტური ევროპიდან გადავიდნენ ბრიტანეთში, ციმბირიდან ალასკაზე, ავსტრალიიდან მიმდებარე კუნძულებზე და ა. შ.

„ბოლო გამყინვარების დროს, ოკეანის წყლის დიდი ნაწილი პლანეტის პოლუსებთან ყინულის სახით კონცენტრირდა, სწორედ ამიტომ გამოჩნდა სახმელეთო ხიდები. თითოეულმა ამ ბუნებრივმა ხიდმა აამიანებს მიგრაციის საშუალება მისცა; გამყინვარების დასრულებისას, ისინი კვლავ წყალმა შთანთქა“, — ამბობს ო’დონოგი.

ვიდეოში ასევე ჩანს დედამიწის ყველაზე გრძელი მთის ქედი, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ზღვის დონე 2000-3000 მეტრით მცირდება. ეს გახლავთ შუაოკეანური ქედი, რომელიც პლანეტის მასშტაბით 60 000 კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი 90 პროცენტი წყალქვეშ არის მოქცეული.

დედამიწის ტექტონიკური ფილების განცალკევების ნაწიბურებზე ჩნდება ვულკანური მთები, რომლებიდან ამოსული გამდნარი ქანებიც ოკეანის ახალ ფსკერს წარმოქმნის.

როდესაც ანიმაციაში ზღვის დონე 6000 მეტრით იკლებს, წყლის უმეტესი ნაწილი ქრება. თუმცა, სრულიად დასაშრობად და მარიანას ღრმულამდე მისაღწევად, კიდევ 5000 მეტრია საჭირო.

როგორც ჯეიმს ო’დონოგი აღნიშნავს, ზღვების დაცარიელბისას ვხედავთ არა მხოლოდ ოკეანის ფსკერს, არამედ კაცობრიობის უძველეს ისტორიასაც.

დატოვე კომენტარი