როგორ შეცვალა ევროს შემოღებამ ბულგარელთა ჩვევები?

15:28, 03.07.2026

ბულგარეთში ევროს შემოღებიდან უკვე ექვსი თვე გავიდა. როგორ შეცვალა ახალმა ვალუტამ ადამიანების ფინანსური ჩვევები? ეკონომისტები აცხადებენ, რომ მოსახლეობის დეპოზიტები თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა და მარტის ბოლოსთვის თითქმის 55,7 მილიარდ ევროს მიაღწია. ასევე გაზრდილია სამომხმარებლო სესხების მოცულობა. ამის მიუხედავად, ბევრს ბულგარელს აქვს განცდა, რომ ფული უფრო სწრაფად უმთავრდება და ორჯერ მეტს ხარჯავს.

ცანკა პენევა, რიგითი მოქალაქე: „დღესაც იგივე საქონელს ვყიდულობ, რასაც ადრე. თუმცა, ახლა ის უფრო ძვირია”.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ფულის დაზოგვა სულ უფრო რთული ხდება.

კირილი, რიგითი მოქალაქე: „ფულის დაზოგვამდე, ჯერ მისი შოვნაა საჭირო. აბა, სხვანაირად როგორ დავზოგავთ? ამის გაკეთება ამჟამად პრაქტიკულად შეუძლებელია“.

თუმცა, სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს. სულ რაღაც ერთ წელიწადში მოსახლეობის ანაბრები თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა. ეკონომისტების აზრით, ეს სულაც არ ნიშნავს ახალ დანაზოგებს – საქმე უფრო ბულგარულ ლევებში არსებულ ნაღდ ფულს ეხება, რომელიც მანამდე საბანკო სისტემის მიღმა იყო დარჩენილი.

პეტარ განევი, საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი: „მიმოქცევაში არსებული ლევების დიდი ნაწილი – 90 პროცენტზე მეტი – ბანკებში აღმოჩნდა და საბოლოოდ, ცენტრალურმა ბანკმა ამოიღო. ამ ფულის ნაწილი მოქალაქეებს ადრე საგულდაგულოდ ჰქონდათ გადანახული“.

წლის დასაწყისიდან სამომხმარებლო სესხების მოცულობაც გაიზარდა.

პეტარ განევი: „სესხების ზრდას, საბოლოოდ, მოხმარების გაზრდამდე და, გარკვეულწილად, ფასების მატებამდე მივყავართ. „იოლ ფულზე“ ამგვარ ხელმისაწვდომობას ყოველთვის არ ახლავს თან დადებითი ეფექტი“.

ამის საპირისპიროდ, განახევრდა საცხოვრებელი სახლის შესაძენად გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა.

ელენა სტავროვა, ეკონომისტი: „ტრანზაქციების რაოდენობისა და საცხოვრებელი ფართის ფასების მკვეთრი ზრდა, რომელიც ახალ წლამდე ფიქსირდებოდა, ახლა საგრძნობი კლების ფაზაში გადავიდა. ამიტომ, ბულგარელები ერთგვარ გაურკვევლობას გრძნობენ“.

ეკონომისტების თქმით, ზოგიერთი ოჯახი, სანამ ახალ ვალუტას საბოლოოდ შეეჩვევა, დიდი შესყიდვებისა და ინვესტიციებისგან თავს იკავებს.

 

სტატიის და ფოტოს ავტორი: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 3 ივლისი 2026, 10:52 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი