როგორ რეაგირებენ ცხოველები მზის სრულ დაბნელებაზე?
საილუსტრაციო ფოტო
მზის სრული დაბნელება ადამიანებისთვის შთამბეჭდავი სანახაობაა. თუმცა, უეცრად დღის ღამედ გადაქცევამ ცხოველებში, შესაძლოა, დაბნეულობა გამოიწვიოს და მათი ქცევა დროებით შეცვალოს. მზის სრული დაბნელების დროს ფრინველები, ჟირაფები, ძროხები, ობობები და შინაური ცხოველებიც კი უცნაურად იქცევიან.
ყოველდღიური აქტივობის რეგულირებისთვის, ცხოველები ისეთ გარემო ფაქტორებს ეყრდნობიან, როგორიცაა სინათლე და ტემპერატურა. როდესაც სინათლის დონე მკვეთრად იკლებს და ტემპერატურა ეცემა, ეს ფაქტორები სწრაფად, რამდენიმე წუთში იცვლება და სხვადასხვა სახეობაში განსხვავებულ რეაქციებს იწვევს.
როგორ რეაგირებენ სხვადასხვა სახეობები
მზის დაბნელების დროს ცხოველების უჩვეულო რეაქციების შესახებ ცნობები საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ჩანაწერი იტალიელ რისტორო დ’არეცოს ეკუთვნის, რომელიც, სავარაუდოდ, ბერი იყო. მან აღწერა, თუ რა მოხდა 1239 წლის 3 ივნისს, მზის სრული დაბნელების დროს. მისი ცნობით, როდესაც მზე გაქრა და ცა დაბნელდა, „ყველა ცხოველი და ფრინველი შეშინებული ჩანდა, გარეული მხეცების დაჭერა კი ძალიან ადვილად შეიძლებოდა“.
ანალოგიური დაკვირვებები მომავალშიც გაგრძელდა. „მზის დაბნელებაზე მონადირე“ მწერალი, დეივ ბალჩი, 1991 წელს მომხდარი სრული დაბნელებისას, კაილუა-კონაში (ჰავაი) იმყოფებოდა. დაბნელების სხვადასხვა ფაზების დროს – სრულ ფაზამდე და მის შემდეგაც – მან ნავსადგურის თავზე ფრინველების ინტენსიური აქტივობა შენიშნა.
„ერთმანეთის ხმა ძლივს გვესმოდა. შემდეგ კი, როდესაც დაბნელების სრული ფაზა დადგა, აბსოლუტური სიჩუმე ჩამოვარდა“, – განუცხადა მან ჟურნალ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკს“.
მზის დაბნელებაზე კიდევ ერთი „მონადირე“, ტორა გრივე 2001 წელს ზამბიაში ექსპედიციაში იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ როგორც კი მზე გაქრა, ბაყაყებმა ყიყინი დაიწყეს, ხოლო მტაცებელმა ფრინველებმა წრეების დარტყმა შეწყვიტეს, სავარაუდოდ, – ჰაერის გაგრილებით გამოწვეული თერმული ნაკადების ცვლილების გამო. წყალსატევთან, სადაც ის იმყოფებოდა, ჟირაფები „დაბნელების სრული ფაზის განმავლობაში განუწყვეტლივ დარბოდნენ“, ხოლო როდესაც მზე გამოჩნდა, ისინი გაჩერდნენ და ხეებიდან ფოთლების ჭამა განაგრძეს.
სინათლიდან სიბნელეში უეცარმა გადასვლამ, შესაძლოა, ზოგი ცხოველი აიძულოს, ისე მოიქცეს, თითქოს ღამე დადგა. დაბნელებისთანავე, ფრინველები ხშირად გალობას წყვეტენ, ხოლო ღამის სახეობები, როგორებიც, მაგალითად, ბუები არიან, შესაძლოა ისე გააქტიურდნენ, როგორც ბინდის ჩამოწოლისას.
არაერთხელ დაუფიქსირებიათ, რომ მზის სრული დაბნელების დროს, ძროხები თავიანთ სადგომებს უბრუნდებიან. ზოოპარკებში გორილებზე დაკვირვებისას კი შეუმჩნევიათ, რომ თავიანთი ვოლიერების მინის ტიხრებს ისინი მკვეთრად მიაწყდებიან ხოლმე.
მზის დაბნელებაზე შინაური ცხოველებიც რეაგირებდნენ. ძაღლებმა და კატებმა ამ დროს, შესაძლოა, ნერვიულად ირბინონ, იწკმუტუნონ ან დაიმალონ – ეს არის ქცევები, რომლებსაც ზოგიერთი მკვლევარი ფოიერვერკსა თუ ჭექა-ქუხილზე მათ რეაქციას ადარებს.
ცხოველთა ქცევა მზის დაბნელების დროს
მზის სრული დაბნელების დროს ცხოველთა ქცევის შესახებ სანდო სამეცნიერო მონაცემების შეგროვება რთულია. დაბნელებები იშვიათია, სრული ფაზის ტრაექტორია ყოველ ჯერზე იცვლება და ხშირად დაუსახლებელ ან დაშორებულ ტერიტორიებზე გადის.
„თუ ნამდვილად გსურთ ცხოველთა ქცევის კომპლექსურად შესწავლა, დიდი დრო უნდა გაატაროთ საველე პირობებში და პროცესებს პროტოკოლების თანმიმდევრული დაცვით დააკვირდეთ“, – ამბობს კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგი, რებეკა ჯონსონი.
აპლიკაცია iNaturalist-ის მეშვეობით, ჯონსონი მონაწილეობდა პროგრამა Life Responds-ის შექმნაში. ეს აპლიკაცია ბიოლოგებმა და ასტრონომებმაც გამოიყენეს იმ უზარმაზარი მასალის შესაგროვებლად, რომელიც მათ 2017 და 2024 წლებში მომხდარი მზის სრული დაბნელების დროს შეაგროვეს. 2024 წელს აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციამ (NASA) ასევე შეიმუშავა სამეცნიერო პროგრამა Eclipse Soundscapes-ი, რომლის ერთ-ერთი მიზანი იმის შესწავლა იყო, თუ როგორ რეაგირებენ კალიები მზის დაბნელებაზე.
როდესაც მზე ბრუნდება
მზის სრული დაბნელების ბნელი ფაზა ძალიან მოკლე ხანს გრძელდება. როგორც კი სიბნელე ჩამოწვება, ცხოველების ქცევა შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, ხოლო სინათლის დაბრუნებისთანავე, მათი ქცევა კვლავ ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.
ფრინველები ხელახლა იწყებენ გალობას, ზოგ შემთხვევაში უფრო ხმამაღლადაც კი, ვიდრე ჩვეულებრივ განთიადზე.
ცხოველების უმეტესობა თავის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობას მოკლე დროში უბრუნდება.
„ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ მასალების მიხედვით