როგორ მოვიხმაროთ შაქარი ისე, რომ არ გაიზარდოს დიაბეტის რისკი — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
როგორ მოვიხმაროთ შაქარი ისე, რომ არ გაიზარდოს დიაბეტის რისკი — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ყველა შაქრიანი ნუგბარი ერთნაირად არ მოქმედებს. ახალი კვლევის თანახმად, თქვენი მეტაბოლური ჯანმრთელობისთვის უფრო უარესი შეიძლება იყოს ტკბილი სასმელები, ვიდრე ტკბილის წახემსება.

სისტემურ მიმოხილვაში თავი მოუყარეს ნახევარზე მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემებს მთელი მსოფლიოდან; აღმოჩნდა, რომ შაქრით დამტკბარი სასმლის ან ხილის წვენის ყოველი დამატებითი პორცია დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის ზრდასთან.

მეორე მხრივ, საკვები შაქარი დაკავშირებული იყო მეორე ტიპის დიაბეტის დაბალ რისკთან.

შედეგები მიუთითებს, რომ ყველა შაქარი ერთნაირად ცუდი არაა თქვენთვის. ზოგიერთი ტიპი და რაოდენობა შეიძლება უფრო მეტად იყოს დაკავშირებული ინსულინის პრობლემებთან, ვიდრე სხვები.

„ეს პირველი კვლევაა, რომელშიც წარმოჩნდა დოზა-რეაქციის მკაფიო კავშირი შაქრის სხვადასხვა წყაროსა და მეორე ტიპის დიაბეტის რისკს შორის. ეს კვლევა აჩვენებს, რომ რატომ არის შაქრის სმა, იქნება ეს გამაგრილებელი სასმელი თუ წვენი — ჯანმრთელობისთვის უფრო პრობლემურია, ვიდრე მისი ჭამა“, — ამბობს აშშ-ის ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგი კარენ დელა კორტე.

დღეს პოპულარულია მოსაზრება, რომ საკვები შაქრები დიაბეტთან არის დაკავშირებული. თუმცა, ზოგიერთი კვლევა ირწმუნება, რომ ამ მოსაზრებას აკლია დამაჯერებელი მონაცემები. ამ კვლევების თანახმად, დიაბეტი უფრო აშკარად არის დაკავშირებული ენერგიის ჭარბ მიღებასთან ან სხეულის ჭარბ ცხიმთან, ვიდრე მხოლოდ შაქართან.

მაგალითად, 2023 წელს მკვლევრებმა იპოვეს მნიშვნელოვანი კავშირი შაქრის სრულ მიღებასა და დიაბეტის რისკის ზრდას შორის; ასევე ისიც, რომ ეს კავშირი მჭიდროდ იყო მიბმული პირის სხეულის მასის ინდექსთან. შედეგები მიუთითებს, რომ შაქარი ამარტივებს წონის მატებას, არაპირდაპირ ზემოქმედებს სხეულის მეტაბოლიზმზე. თუმცა, შეიძლება თუ არა, რომ მას ჯანმრთელობაზე სხვა გავლენაც ჰქონდეს?

მეტის გასარკვევად, დელა კორტემ და მისმა კოლეგებმა ერთმანეთს შეადარეს დიაბეტის რისკები ფრუქტოზისგან, საქაროზისგან, თავისუფალი შაქრისგან (რომელიც ბუნებრივად გვხვდება თუნდაც თაფლში), დამატებული შაქრისგან და მთლიანად შაქრისგან. ყურადღება ასევე გაამახვილეს შაქრით დამტკბარ სასმელებზე, როგორიცაა გამაგრილებელი სასმელები ან სპორტული სასმელები, და ხილის წვენები.

დიაბეტი

მეორე ტიპის დიაბეტის რისკი სხვადასხვა იყო და დამოკიდებული იყო თუ რომელ შაქარს მოიხმარდნენ. საქაროზა და შაქრის საერთო რაოდენობა დაკავშირებული იყო მეორე ტიპის დიაბეტის დაბალ რისკთან, მაგრამ კავშირი არ გამოიკვეთა დამატებული შაქრისა და ფრუქტოზის შემთხვევებში.

თუმცა, სხვა შაქრები საპირისპირო შედეგებთან აღმოჩნდა დაკავშირებული. გამაგრილებელი სასმლის ყოველი ზედმეტი დღიური პორცია მეორე ტიპის დიაბეტის რისკს 25 პროცენტით ზრდიდა. ასევე, ხილის წვენის ყოველი ზედმეტი პორცია რისკს 5 პროცენტით ზრდიდა.

ასე აღმოჩნდა მაშინაც, როცა მკვლევრებმა გაითვალისწინეს ადამიანის სხეულის მასა და ენერგიის მიღება.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ ჯერზე, როცა გამაგრილებელ სასმელს სვამთ, მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი 25 პროცენტით გეზრდებათ. რისკები ფარდობითია და არა აბსოლუტური.

მაგალითად, თუკი დიაბეტის განვითარების საბაზისო რისკი 10 პროცენტი გქონდათ და დღეში ოთხ გამაგრილებელ სასმელს სვამთ, ამ რიცხვებზე დაყრდნობით ეს მაჩვენებელი 20 პროცენტამდე იზრდება.

კვლევა შემაშფოთებელ კორელაციას წარმოაჩენს, მაგრამ დამატებითი შესწავლაა საჭირო იმის დასადგენად, რატომ შეიძლება სხეულის მეტაბოლიზმისთვის უფრო საზიანო იყოს ხილის წვენი, ვიდრე თავად ხილის ნაჭერი.

„ ხილის წვენში შაქრის მაღალი შემცველობა და ბოჭკოს ნაკლებობა თითქმის იგივეა, რაც დამტკბარი სასმელები, რაც მას ხილის მთლიანად ცუდ შემცვლელად აქცევს; ხილი კი ბოჭკოს მაღალ შემცველობას გვაწვდის, რაც ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის უკეთესად რეგულირებას“, — წერენ კვლევის ავტორები.

მათი განცხადებით, შაქრით დამტკბარი სასმელები შეიცავს იზოლირებულ შაქარს, რაც იწვევს უფრო მეტ გლიკემიურ ზემოქმედებას. თუმცა, საკვები შაქრის სხვა წყაროები, განსაკუთრებით როცა მათ საკვები ნივთიერებებით მდიდარი საკვების სახით მოვიხმართ, იქნება ეს მთლიანი ხილი, რძის პროდუქტები თუ მთლიანი მარცვლეული — შეიძლება აღძრავდეს სისხლში გლუკოზის ნელ რეაქციას და ამის მიზეზია თანმხლები ბოჭკო, ცხიმები და ცილები.

კვლევის ავტორთა განცხადებით, „ყველანაირი დამატებული შაქრის გმობის“ ნაცვლად, რაციონის სამომავლო სახელმძღვანელოებმა უნდა გაითვალისწინოს ის კონტექსტი, რომელშიც შაქარს მოვიხმართ.

საკვები ნივთიერებებით მდიდარი საკვების თანხლების გარეშე, ზოგიერთი ტიპის ტკბილეული შეიძლება სხვებზე მეტად სახიფათო იყოს.

კვლევა Advances in Nutrition-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.