როგორ მოიმატა ტემპერატურამ ბოლო 140 წელში - NASA-ს ვიდეო, რომელიც უნდა ნახოთ
როგორ მოიმატა ტემპერატურამ ბოლო 140 წელში - NASA-ს ვიდეო, რომელიც უნდა ნახოთ

როცა ერთი რიგითი ადამიანი ხარ 7 მილიარდ ადამიანს შორის და წარმოიდგენ, რომ სამყაროში ორ ტრილიონზე მეტი გალაქტიკაა, შენ კი ცხოვრობ მათ შორის ერთი ჩვეულებრივი გალაქტიკის მილიარდობით ვარსკვლავიდან ერთი რიგითი ვარსკვლავის ერთ-ერთ ციცქნა პლანეტაზე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ძალიან ძნელია აღკვეთო ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილება, რომელიც დედამიწას უკიდურეს საფრთხეში აგდებს.

უდავო ფაქტი ისაა, რომ ჩვენს პლანეტაზე გლობალური დათბობა მიმდინარეობს იმ მასშტაბით, რისი გამოცდილებაც ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს არ გაგვაჩნია. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით შეგიძლიათ იხილოთ NASA-ს მიერ მომზადებულ ვიდეოში.

სულ რაღაც 36 წამში, ვიდეო მიმოიხილავს დედამიწის ზედაპირის გლობალური ტემპერატურის ისტორიას მას შემდეგ, რაც მონაცემთა ჩაწერა დაიწყო — 1880 წლიდან 2017 წლამდე, როცა ჩვენს პლანეტაზე ამ დროის შემდეგ ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.


პლანეტის ზედაპირის ტემპერატურის მონაცემებს NASA აგროვებს 6 300-ზე მეტი ამინდის სადგურის, გემის, ტივტივისა და ანტარქტიკის კვლევითი სადგურებისაგან შემდგარი ფართო ქსელის საშუალებით.

ფერების მარტივი კოდირების გზით, ვიდეო წარმოაჩენს გლობალური საშუალო ტემპერატურის ტენდენციას, რაც მკვეთრად იცვლება მეოცე საუკუნის შუა წლებში.

თუ დააკვირდებით, მეცხრამეტე საუკუნესა და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, ტემპერატურული რყევები უმნიშვნელოა. მაღალი ტემპერატურა ასახულია ნარინჯისფრად და წითლად.

თუმცა, ყველაფერი უცბად, რადიკალურად იცვლება 1980-იან წლებში, გლობუსი ნელ-ნელა იფერება ყვითლად, ნარინჯისფრად, თანდათან კი უფრო წითლდება მანამ, სანამ დაახლოებით 5 წლის წინ, ნამდვილ ცეცხლოვან ბურთად იქცეოდა.

ეს ხუთი წელი 2013-2017 წლების მონაკვეთია, რაც ოფიციალურად ყველაზე ცხელი პერიოდია დედამიწაზე მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ მონაცემთა ჩაწერა დაიწყო.

შარშან, ტემპერატურის მატების ტენდენცია შედარებით შემცირდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ და შემდეგ, ახალი ძალებით დაიწყო მატება.

„გასული სამი წელი ტემპერატურის მატების თვალსაზრისით, რეკორდული იყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გრძელვადიანი დათბობის ტენდენციის ნაწილია“, —ამბობს გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი პეტარი ტაალასი.

დიახ, გლობალური დათბობა ნამდვილად მიმდინარეობს. მაგრამ ბევრ ადამიანს ამ ფაქტის მაინც არ სჯერა.

ასეთი ვიდეოები მოტივაცია უნდა გახდეს ჩვენთვის, რათა მოქმედება დავიწყოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია — შევამციროთ სათბური გაზების გამოყოფა, გადავიდეთ სუფთა ენერგიის წყაროებზე და უბრალოდ, უკეთესად მოვუაროთ ჩვენს ერთადერთ ნავსაყუდელს უკიდეგანო სამყაროში, ჩვენს ციცქნა პლანეტას.