როგორ იმოძრავებს თბილისში ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში
როგორ იმოძრავებს თბილისში ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, ქუჩა სამ მონაკვეთად გაიყოფა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია შეზღუდვა ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე. ეს მონაკვეთი ორმხრივად გადაიკეტება. ავტოტრანსპორტს მოძრაობა ვარაზისხევიდან კეკელიძის მიმართულებით შეეძლება. რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპებზე შესაძლებელია ჭავჭავაძის გამზირი მხოლოდ ცალმხრივად გადაიკეტოს.

„ვაკეში რამდენიმე ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებში არსებული ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება. პირველ ეტაპზე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება: კეკელიძის, პეტრიაშვილის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მონაკვეთებზე. ასევე, ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება: არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთზე, აბაშიძის ქუჩაზე არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით და ბარნოვის ქუჩა, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილის ქუჩამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად, დიდი ტევადობის ავტობუსები N9, N21, N51 და N88 გმირთა მოედნიდან ვაკის მიმართულებით საბურთალოს გავლით იმოძრავებენ. გარდა ამისა, დროებით დამოკლდება N61, N87 და N140 ავტობუსების მარშრუტები. ხოლო, N34 და N59 ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭავჭავაძის გამზირთან დასაკავშირებლად კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩებს გაივლიან“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.