როგორ გავრცელდა სკოლების ბლოკირების მოძრაობა მთელ საფრანგეთში
მოსწავლეთა საპროტესტო აქციების დროს გაჩენილი ხანძრის კვალი ვიქტორ ჰიუგოს სახელობის სკოლის შესასვლელთან. მარსელი, 2026 წლის 1 ოქტომბერი
ოთხშაბათს, 30 სექტემბერს, საპროტესტო მობილიზაციაში, მთელი საფრანგეთის მასშტაბით, 356 სასწავლო დაწესებულება მონაწილეობდა. მეორე დღეს კი, ხუთშაბათს, მოსწავლეთა პროფკავშირები პროტესტის „მეორე ეტაპის დაწყების“, ხოლო 6 ოქტომბერს – „მოქმედებაზე გადასვლის“ მოწოდებით გამოვიდა.
მეტი რესურსი, ნაკლებად გადატვირთული კლასები, უკეთ მოვლილი შენობები – უკვე რამდენიმე დღეა, სკოლების ბლოკირებაში ჩართული უფროსკლასელები საკუთარ მოთხოვნებს აჟღერებენ. კრეტეი, პარიზი, ლილი, მარსელი, ბრესტი, სტრასბურგი… შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ოთხშაბათს, 30 სექტემბერს, 18:00 საათისთვის, მოძრაობამ, საფრანგეთის მასშტაბით, 356 სასწავლო დაწესებულება მოიცვა, მაშინ როცა ერთი დღით ადრე ეს მაჩვენებელი 338-ს შეადგენდა.
მოსწავლეთა პროფკავშირებმა (USL) ხუთშაბათი პროტესტის „მეორე აქტის“ ჩატარების, ხოლო სამშაბათი, 6 ოქტომბერი, „მოქმედების დღედ“ გამოაცხადა.
ხუთშაბათს დილით ვითარება დაიძაბა: რამდენიმე სკოლის წინ ხანძარი გაჩნდა და მოსწავლეებსა და სამართალდამცველებს შორის კი შეტაკებები მოხდა. შექმნილ ვითარებაზე რეაგირების მიზნით, პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ხუთშაბათს, 13:00 საათზე, მატინიონის რეზიდენციაში უწყებათაშორის კრიზისულ შეხვედრას გაუძღვება.
კრეტეი – მოსწავლეთა მობილიზაციის ეპიცენტრი
სკოლების პირველი ბლოკირება სასწავლო წლის დაწყებიდან მალევე დაიწყო. თავდაპირველად ეს ბრეტანში, რენის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ლე-რეს ერთ-ერთ სკოლაში მოხდა, სადაც მოსწავლეებმა „ადამიანური და მატერიალური პრობლემების“ გამო გამოხატეს პროტესტი. შემდეგ, 15 სექტემბერს, ის უკვე ვილნევ-დ’ასკის (ნორის დეპარტამენტი) და კაენის (კალვადოსის დეპარტამენტი) სკოლებში გავრცელდა, სადაც უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სწავლის გადატვირთული გრაფიკი გახდა.
თუმცა, მოძრაობის კრისტალიზაცია ვალ-დე-მარნის დეპარტამენტში, კერძოდ კი კრეტეიში მოხდა. 17 სექტემბერს, „რესურსებისა და კადრების ნაკლებობის“ წინააღმდეგ მიმართული მასწავლებელთა გაფიცვის შემდეგ, სენტ-ეგზიუპერის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ბლოკირების ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეს. „მასწავლებლებმა თავიანთი უკმაყოფილების მიზეზები აგვიხსნეს და ჩვენც გადავწყვიტეთ, მათ პროტესტს შევერთებოდით“, – განუცხადა „ფრანს ინფოს“ ამავე სკოლის 17 წლის მოსწავლე შეიკ სანოგომ. მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ განათლების სამინისტრომ ისინი დაივიწყა და ამიტომ, „რესურსებისა და კადრების ნაკლებობას, კლასების გადატვირთულობას და მერხების დეფიციტს“ აპროტესტებენ.
სოციალური ქსელებით გაძლიერებული საპროტესტო მოძრაობა
საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და მოსწავლეთა პროფკავშირები ამ მობილიზაციას ეროვნული მოძრაობის საწყის წერტილად მიიჩნევენ. „სოციალური ქსელების წყალობით, მობილიზაციამ მოულოდნელი მასშტაბები შეიძინა. ვიდეოები ვრცელდება TikTok-ზე, Snapchat-სა და Instagram-ზე და უამრავ ნახვას აგროვებს“, – აღნიშნა სანოგომ.
კონტენტს ავრცელებენ როგორც თავად მოსწავლეები, ისე ონლაინმედიის საშუალებები, მაგალითად Booska-P-ი, რომელმაც სენტ-ეგზიუპერის სკოლის რვა მოსწავლეს დაუთმო პლატფორმა. ისინი საუბრობენ გარეუბნებში მცხოვრებ ახალგაზრდებში არსებულ მიტოვებულობის განცდაზე და იმის ახსნას ცდილობენ, თუ რატომ გადაწყვიტეს სასწავლო დაწესებულების ბლოკირება. „ყველა სკოლას მოვუწოდებ, იგივე გააკეთოს“, – აცხადებს ერთ-ერთი მათგანი. 24 სექტემბერს TikTok-ზე გამოქვეყნებულმა მათმა ინტერვიუმ 1.4 მილიონი ნახვა დააგროვა. „შესაძლოა, ამან სხვა მოსწავლეებზეც მოახდინა გავლენა, რომლებიც ჩვენნაირ ან უფრო უარეს მდგომარეობაში არიან“, – მიიჩნევს შეიკ სანოგო. „სოციალური ქსელები მობილიზაციის გამაძლიერებლის როლს ასრულებს და პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა კრეტეის აკადემიამ 28 სექტემბერს.
დეპუტატების მხარდაჭერა
ამასობაში, პოლიტიკოსები კრეტეის სკოლის მობილიზაციას სათავისოდ იყენებენ. 21 სექტემბერს ადგილზე ჩავიდნენ „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ფრაქციის დეპუტატები, ლუი ბუარი და კლემანს გეტე. X პლატფორმაზე გამოქვეყნებულმა ლუი ბუარის პოსტმა თითქმის 520 000 ნახვა დააგროვა. „გვიხარია, რომ ცნობილი ადამიანები, ხალხის მიერ არჩეული პირები ჩვენს მხარდასაჭერად მოდიან. ვგრძნობთ, რომ უფრო ყურადღებით გვისმენენ“, – განაგრძობს შეიკ სანოგო.
მოძრაობა სწრაფად გავრცელდა პარიზის გარეუბნებში. 25 სექტემბერს, კრეტეის აკადემიის რექტორატმა ათი საშუალო სკოლა გამოავლინა, სადაც სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო. მათი რაოდენობა განსაკუთრებით მაღალი აღმოჩნდა სენ-დენისა და ვალ-დე-მარნის დეპარტამენტებში. ვერსალის აკადემიამაც დაადასტურა, რომ „შეფერხებები“ ესონის დეპარტამენტის სამ სასწავლო დაწესებულებაშიც არსებობდა.
მობილიზაციამ თანდათანობით ორგანიზებული სახე მიიღო. მოსწავლეთა პროფკავშირი 29 სექტემბერს ეროვნული მობილიზაციის მოწოდებით გამოვიდა, რომლის მიზეზებადაც დასახელდა „მასწავლებლებისა და პერსონალის ნაკლებობა“, „სავალალო მდგომარეობაში მყოფი სკოლების ინფრასტრუქტურა“, „გადატვირთული სასწავლო განრიგი და კლასები“ და „უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცესით გამოწვეული სტრესი“. პროფკავშირმა მოსწავლეებს ასევე მოუწოდა, რომ საჯარო სამსახურის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებს შეერთებოდნენ. USL-მა მოსწავლეებს საშუალო სკოლების ბლოკირებისკენ, იმავე მიზეზების გამო, 2025 წელსაც მოუწოდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მაშინ ამ მოწოდებას 170 სასწავლო დაწესებულება შეუერთდა.
„უპრეცედენტო შემთხვევა ეროვნული განათლების სისტემაში“
ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა აღნიშნა, რომ ბლოკირებული სკოლების სიახლოვეს იმყოფებოდნენ „კაპიუშონიანი, შავებში ჩაცმული პირები, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ასაფეთქებელი ნივთიერებებით, პიროტექნიკითა და ზოგჯერ მარილმჟავას ბოთლებითაც კი“. „ჯგუფები (…), ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაადგილებით, ცდილობენ შეფერხებები და ბლოკირებები გამოიწვიათ (…). ზოგიერთი მათგანი ძალიან აგრესიულად იქცეოდა“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, ედუარ ჟეფრემ. ბლოკირებების დაწყებიდან დღემდე, 119 ადამიანი (85 მოსწავლე და პერსონალის 34 წევრი) დაშავდა. „ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ეროვნული განათლების სისტემაში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ჟეფრემ. ორ დღეში, სამშაბათსა და ოთხშაბათს, სამართალდამცველებმა 1 065 ადამიანი დააკავეს.
ორშაბათს, ვალ-დ’უაზის დეპარტამენტის ქალაქ სენტ-უენ-ლ’ომონში, სკოლის ბლოკირების დროს, პოლიციელის მიერ გასროლილი ჭურვი მოსწავლეს სახეში მოხვდა და დაზიანება მიიღო. ინციდენტი ვიდეოზე გადაიღეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა კადრებმა საზოგადოება შოკში ჩააგდო და ათასობით ნახვა დააგროვა. მეორე დღეს, მოსწავლეთა შეკრებებზე, მოზარდები აფრიალებდნენ პლაკატებს, რომლითაც დაგმობილი იყო პოლიციის ძალადობა. მათ შორის იყო პარიზელი მოსწავლე, ჯასმინი: „მე აქ მოვედი გარეუბნების იმ სკოლების მხარდასაჭერად, რომლებიც რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ“, – განუცხადა მან „ფრანს ინფოს“ საკუთარ სკოლასთან, რომელიც მე-3 ოლქში მდებარეობს.
მთავრობა და „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ
ამ დაძაბულ ვითარებაში, მთავრობა და „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ (LFI) ერთმანეთს დაძაბულობის გაღვივებაში ადანაშაულებენ. ჟან-ლუკ მელანშონი, X პლატფორმაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებას რეპრესიების განხორციელების შესახებ ბრძანების გაცემის გამო აკრიტიკებს, რასაც, მისი თქმით, „აშკარა რასისტული ელფერი აქვს“. „LFI-ის დეპუტატები ახალგაზრდებს სკოლების ბლოკირებისკენ მოუწოდებენ (…)“, – განაცხადა ამის საპასუხოდ განათლების მინისტრმა 25 სექტემბერს იმავე X-ზე. „შეუძლებელია ითხოვდე მეტ მასწავლებელს და ამავდროულად ახალისებდე ბლოკირებებს, რომლებიც მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრებაში ხელს უშლის“, – აღნიშნა მან. „უპასუხისმგებლო ესკალაცია“ სამი დღის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმაც გააკრიტიკა: „პარტიული მიზნების მისაღწევად მიმართული მათი რისხვის ინსტრუმენტალიზაცია შეცდომაა“, – მიიჩნევს ის. „ჩვენი პარტია მოსწავლეებს ბრძოლის მხოლოდ არაძალადობრივი მეთოდებისკენ მოუწოდებს“, – პასუხობს პრემიერ-მინისტრს ჟან-ლუკ მელანშონი.
პროტესტის საპასუხოდ, ოთხშაბათს მთავრობამ გაავრცელა განცხადება „საკონსულტაციო პლატფორმის“ ამოქმედების შესახებ, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ თავიანთი „წუხილები“ და „მოთხოვნები“ გააზიარონ. პლატფორმა „ორშაბათს, ან არაუგვიანეს სამშაბათ დილით“ იქნება ხელმისაწვდომი. ამასობაში, მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობა კიდევ უფრო ფართოვდება. სამი წამყვანი სტუდენტური და მოსწავლეთა ორგანიზაცია – Fage, მოსწავლეთა პროფკავშირები და Unef-ი – დემონსტრაციებისა და სკოლების ბლოკირებების მოწოდებით გამოდის.