როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ექიმების განათლებას

14:21, 24.10.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის მედიცინას და ახალ შესაძლებლობებს აჩენს დიაგნოსტიკის, მკურნალობის მეთოდების შერჩევის და პაციენტზე ზრუნვის სფეროებში. თუმცა, ამავე დროს, ის ასევე აჩენს ფუნდამენტურ კითხვას: როგორ უნდა გადამზადდნენ ექიმები იმ პირობებში, როდესაც შემეცნებითი ფუნქციების სულ უფრო მეტ ნაწილს ინტელექტუალური გამოთვლითი სისტემები ასრულებენ ან ექიმებს მათ შესრულებაში ეხმარებიან?

2026 წლის 14 ოქტომბერს სამეცნიერო ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ამერიკელი ექიმები და ჯანდაცვის სფეროს მკვლევრები, ჯესი ბურკ-რაფელი და რობერტ ვაქტერი ამტკიცებენ, რომ კლინიკურ პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სამედიცინო განათლების ტრადიციული მოდელის არსებით გადახედვას მოითხოვს.

საუკუნეზე მეტია, ექიმების განათლება ფართო სამეცნიერო ცოდნის დაუფლებას და კლინიკური გამოცდილების განვითარებას ეყრდნობოდა. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის უნარმა, გაანალიზოს ინფორმაცია და შემოგვთავაზოს დიაგნოსტიკური ან თერაპიული მიდგომები, შესაძლოა შექმნას რისკი, რომ ახალგაზრდა ექიმებს დამოუკიდებელი კლინიკური შეფასებისთვის აუცილებელი აზროვნების პროცესისთვის გვერდის ავლის ცდუნება გაუჩნდეთ.

ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების რისკი და კლინიკური შეფასების მნიშვნელობა

ამ ფენომენს „უნარების ჩამოუყალიბებლობას“ უწოდებენ, რაც ტექნოლოგიაზე დამოკიდებულების გამო, აუცილებელი უნარების განვითარების დამუხრუჭებას ნიშნავს. ამერიკელი მკვლევრები გვთავაზობენ სამედიცინო განათლების ახალ სტრატეგიას, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: იმ უნარების გაძლიერებას, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ახალი შესაძლებლობების განვითარებასა და იმ საგანმანათლებლო მოთხოვნების ფრთხილად შეზღუდვას, რომლებიც ნაკლებად საჭირო ხდება. პაციენტის უშუალო კლინიკური გამოკვლევა კვლავ ინარჩუნებს ცენტრალურ პოზიციას. ფიზიკური გამოკვლევა, დაკვირვება და პაციენტთან კომუნიკაცია ექიმს აწვდის ისეთ ინფორმაციას, რომელიც ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერში, შესაძლოა, არ იყოს ასახული ან ალგორითმმა ვერ აღიქვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია მკურნალობის დაგეგმვის, ანუ დიაგნოზის საფუძველზე ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობის გეგმის შემუშავება, დაავადების სიმძიმის, პაციენტის კონკრეტული საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით.

ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული დასკვნებისა და რეკომენდაციების კრიტიკული შეფასების უნარის განვითარება. ეს გულისხმობს ექიმის უნარს, დამოუკიდებლად შეაფასოს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიერ გაცემული დიაგნოსტიკური და თერაპიული რეკომენდაციები, გამოავლინოს შესაძლო უზუსტობები და გადაწყვიტოს, როდის მიიღოს ეს რეკომენდაციები, როდის შეცვალოს ისინი და როდის მოიძიოს დამატებითი კლინიკური ინფორმაცია.

მომავალში ექიმმა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კი არ უნდა იცოდეს, არამედ ასევე ფლობდეს იმ სამეცნიერო ცოდნასა და დამოუკიდებელი კლინიკური შეფასების უნარსაც, რაც აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის შესაძლო შეცდომების ამოსაცნობად და აუცილებლობის შემთხვევაში – შესაბამისი ჩარევის განსახორციელებლად.

როგორ უნდა მომზადდნენ ექიმები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

ეს პროცესი ორ ძირითად უნარს მოითხოვს. პირველი არის ნდობის სწორად განსაზღვრა – ექიმმა ხელოვნურ ინტელექტს ნდობა კონკრეტული ინსტრუმენტის, მისი კლინიკური გამოყენებისა და შესაძლო შედეგების სიმძიმის მიხედვით უნდა გამოუცხადოს. მეორეა მეტაკოგნიცია, ანუ საკუთარი აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების გაცნობიერებისა და შეფასების უნარი. ეს ასევე გულისხმობს საკუთარი მიდგომების საჭიროებისამებრ გადახედვასა და შეცვლას, ანუ ექიმებმა არც ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციები უნდა მიიღონ დაუფიქრებლად და არც მის შესაძლებლობებზე თქვან უარი უსაფუძვლოდ.

ამასთანავე, ჯესი ბურკ-რაფელი და რობერტ ვაქტერი მიიჩნევენ, რომ ექიმებს აღარ უნდა მოეთხოვებოდეთ დიდი მოცულობის ინფორმაციის ზეპირად დამახსოვრება. თუმცა, მათ საფუძვლიანად უნდა იცოდნენ ფიზიოლოგია, პათოფიზიოლოგია და ფარმაკოლოგია.

გადაუდებელ შემთხვევებში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნა ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, სხვა ინფორმაციის მოძიებაში კი მას ტექნოლოგია დაეხმარება. სამედიცინო განათლების რეფორმისთვის აუცილებელია, მომავალმა ექიმებმა მუდმივად მუდმივად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება როგორც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ისე მის გარეშე.

სასწავლო პროცესში უნდა გამოიყენებოდეს კლინიკური შემთხვევების სიმულაციები, რომლებშიც განზრახ იქნება დაშვებული შეცდომები. საჭიროა შეფასების ისეთი ახალი მეთოდების დანერგვაც, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, განვასხვაოთ, რა გააკეთა თავად სტუდენტმა და რა – ალგორითმმა.

პუბლიკაციის მთავარი გზავნილი კი ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტი ექიმის კლინიკური განსჯის უნარს ვერ ჩაანაცვლებს, პირიქით – ამ უნარის განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მთავარი ამოცანა მხოლოდ ისეთი ექიმების მომზადება არ არის, რომლებიც ტექნოლოგიას ეფექტიანად იყენებენ. საჭიროა ისეთი სპეციალისტების აღზრდა, რომლებსაც ექნებათ დამოუკიდებელი აზროვნების, კრიტიკული შეფასებისა და პასუხისმგებლიანი, თითოეული პაციენტის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ამასთან, მათ საქმიანობაში ყოველთვის მთავარი უნდა იყოს ადამიანი და მისი საჭიროებები.

სტატიის ავტორი: საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახური (ERT News)

ფოტოს ავტორი: ლოიკ ვენანსი, საინფორმაციოს სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი, 2026 წელი, 13:20 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი