როგორ ჩანს ვულკანის ამოფრქვევა კოსმოსიდან [ფოტო]
როგორ ჩანს ვულკანის ამოფრქვევა კოსმოსიდან [ფოტო]

დედამიწის ზედაპირიდან 408 კმ სიმაღლეზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ასტრონავტმა წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე ამოფრქვეული ვულკანი გადაიღო. ფოტოზე კარგად ჩანს მტვრისა და კვამლის სოკოს ფორმის ღრუბელი.

ვულკანი რაიკოკე კურილის კუნძულებზე მდებარეობს. ვულკანურ მწვერვალთა ეს არქიპელაგი გადაჭიმულია რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულსა და იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს შორის.

22 ივნისს, პირველად 1924 წლის შემდეგ, რაიკოკე ამოიფრქვა. ცაში გაიტყორცნა მტვრისა და კვამლის მკვრივი ჭავლი, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდანაც გამოჩნდა. ჭავლი ატმოსფეროში ზედაპირიდან 13 კმ სიმაღლეზე ავიდა.

რაიკოკე სტრატოვულკანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კალთები შედგება გაქვავებული ლავისა და ფერფლის მრავალი ფენისგან. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 551 მეტრს აღწევს. გარდა 1924 წლის ამოფრქვევისა, ცნობილია ისიც, რომ რაიკოკე ამოიფრქვა 1778 წელსაც.

ერთ-ერთი თანამგზავრის მიერ გადაღებულ სხვა ფოტოზე ჩანს ფერფლის მკვრივი კონცენტრაცია ჭავლის დასავლეთ ნაწილში. გარდა ფერფლისა, რაიკოკემ ამოაფრქვია გოგირდის დიოქსიდიც, რომელიც ქარმა ატმოსფეროში გაფანტა.