როდრი და „ოქროს ბურთი“ - პირველი „სიტიდან“, პირველი ესპანელი ბოლო 64 წელიწადში #1TVSPORT
2024 წლის „ოქროს ბურთი“ როდრიმ მოიგო, არადა, ბოლო მომენტამდე ყველა დარწმუნებული იყო, რომ ჯილდოს ვინისიუსი აიღებდა.
ბრაზილიელს დაგეგმილი ჰქონდა პარიზში გამგზავრება და ზეიმი, მაგრამ ყველაფერი გააუქმა, როცა მან და „რეალმა“ არაოფიციალურად შეიტყვეს, რომ „ოქროს ბურთს“ როდრი მიიღებდა.
საბოლოოდ, ესპანელი გამარჯვებულია. „ოქროს ბურთი“ ერგო არა ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებულს, არამედ პრემიერლიგისა და ევროს ჩემპიონს.
როდრის მიღწევები 2023-24 წლების სეზონში:
* დაეხმარა „სიტის“ პრემიერლიგის მოგებაში. ითამაშა 34 მატჩი, გაიტანა რვა გოლი და შეასრულა ცხრა შედეგიანი გადაცემა.
* მოიგო კლუბთან ერთად უეფა-ს სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.
* გაიმარჯვა ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე, და ამ გუნდშიც უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო.
* ჰქონდა უნიკალური წაუგებელი სერია, როცა ის მოედანზე იმყოფებოდა. 2023 წლის თებერვლიდან 2024 წლის მარტამდე „სიტიმ“ არ წააგო ზედიზედ 59 მატჩი, როცა ესპანელი მინდორზე იყო. მანჩესტერულმა კლუბმა როდრის შეძენის შემდეგ 260 მატჩი ჩაატარა: გუნდმა მოიგო 74 პროცენტი ნახევარმცველით შემადგენლობაში და 64 პროცენტი – მის გარეშე. „სიტი“ როდრისთან ერთად საშუალოდ 2.37 ქულას აგროვებს, მის გარეშე – 1.90-ს.
როდრის გამარჯვებას რამდენიმე საინტერესო ფაქტი ახლავს:
* როდრი „მანჩესტერ სიტის“ პირველი ფეხბურთელია, ვინც „ოქროს ბურთი“ მოიგო. ერთი წლის განმავლობაში „სიტიმ“ პირველად აიღო ჩემპიონთა თასი და „ოქროს ბურთი“ – სწორედ როდრის წყალობით, რომელმაც გაიტანა ერთადერთი გოლი „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
* როდრი მესამე ესპანელი ფეხბურთელის, ვინც „ოქროს ბურთი“ მიიღო. მანამდე ეს ჯილდო დაიმსახურეს ალფრედო დი სტეფანომ (1957, 1959) და ლუის სუარესმა (1960). ასე რომ, მხოლოდ მეოთხე შემთხვევაა, როცა „ოქროს ბურთი“ ესპანელმა ფეხბურთელმა დაისაკუთრა.
* პირველად 2015 წლის შემდეგ „ოქროს ბურთი“ მიიღო 30 წელზე ნაკლები ასაკის ფეხბურთელმა. როდრი 28 წლისაა.
* როდრი 2008 წლის შემდეგ პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია, ვინც „ოქროს ბურთი“ მოიგო. ბოლოს ეს გააკეთა კრიშტიანო რონალდომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით.