„როცა ფეხბურთს ვთამაშობ, აუცილებლად რაღაც უნდა მომტყდეს“ - რონალდომ „ინსტაგრამში“ „რეალის“ ვარსკვლავები შეკრიბა
კარანტინი – „ინსტაგრამში“ ლაივების დროა. სპორტის მოყვარულებმა უკვე ათობით ტრანსლაცია იხილეს სპორტსმენების მონაწილეობით, მაგრამ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდომ, ალბათ ყველას აჯობა: ხუთშაბათს მან „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავები შეკრიბა – ეთერში გამოჩნდნენ დევიდ ბექჰემი, ლუიშ ფიგუ, რობერტო კარლოსი და იკერ კასილიასი.
საუბრის დროს, რონალდომ ბექჰემს აუხსნა, როგორ აუმჯობესებს ინგლისურად ლაპარაკს.
„მე ცუდად ვლაპარაკობ ინგლისურად, მაგრამ როგორც კი ცოტას დავლევ, სიტუაცია უმჯობესდება. თუმცა, კარანტინში არ ვსვამ“, – თქვა ბრაზილიელმა.
ირკვევა, რომ რონალდო ფეხბურთს საერთოდ აღარ თამაშობს.
„არ შემიძლია ტრავმების გამო. როგორც კი თამაშს ვიწყებ, აუცილებლად რაღაც უნდა მოვიტეხო. ახლა ჩოგბურთია ჩემთვის სპორტის საყვარელი სახეობა“, – ახსნა რონალდომ.
საუბრისას ყოფილმა ფეხბურთელებმა დაადასტურეს, რომ ბექჰემი „რეალში“ უფრო მეტად პორტუგალიურენოვან მოთამაშეებთან მეგობრობდა.
„მახსოვს, შენ თქვი, ან რობერტო კარლოსმა თქვა, რომ მე ერთადერთი ინგლისელი ვარ, ვინც ბრაზილიის ნაკრებში თამაშს შეძლებდა. მე არ დაგიჯერეთ, რადგან ბრაზილიელი ფეხბურთელები საუკეთესონი არიან მსოფლიოში“, – მოკრძალებულად თქვა ბექჰემმა.
„შენ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ხარ ისტორიაში! შეგეძლო ბურთი ზუსტად იმ წერტილში გაგეშვა, რომელშიც მოისურვებდი. მე არ გიყურებდი, უბრალოდ გავრბოდი, შენ კი ბურთით მპოულობდი“, – აღფრთოვანებით ყვებოდა რონალდო.
ბრაზილიელის ვაჟი რონალდი დიჯეი გახდა – რონალდოს მიაჩნია, რომ ეს მისი ბრალია: „მუდმივად ვატრიალებდი დისკებს და მუსიკას ვუსმენდი. ის მუსიკის გარემოცვაში იზრდებოდა, ამიტომაც გახდა დიჯეი“.
სხვათა შორის, ბიჭს ცუდად არ გამოსდის: გასულ წელს, ის იბიცას სამ კლუბში უკრავდა.
იკერ კასილიასთან მან ჯანმრთელობის პრობლემები განიხილა. მეკარემ მოყვა, რომ გულის შეტევამ შოკში ჩააგდო.
„გამიმართლა, რომ ეს საწვრთნელ მინდორზე მოხდა – ამან გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე. „პორტუს“ ექიმებმა გადამარჩინეს. ეს რომ სხვა ადგილას მომხდარიყო, მე დღეს შენთან ვერ ვილაპარაკებდი“, – აღიარა მეკარემ.
რონალდოს შესანიშნავად ესმის კასილიასის – კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში ის ტრავმებს ებრძოდა. „მრავალი წელი მათთან ომი მქონდა. მაგრამ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი და შემდეგ „რეალში“ გადასვლა – ჩემთვის მეორე ცხოვრების დაწყებასავით იყო“.
რონალდოს „რეალში“ დებიუტი „ალავესთან“ მატჩში (5:2) ჰქონდა, მაგრამ კასილიასს ეს შეხვედრა უფრო უკეთ ახსოვს.
„შენ შეცვლაზე შემოხვედი, ერთი წუთით ადრე კი მე პენალტი მოვიგერიე“, – გაიხსენა იკერმა.
ბრაზილიელმა 63-ე წუთზე გუტი შეცვალა და დარჩენილ 27 წუთში დუბლი შეასრულა.
ფიგუსთან რონალდომ ცოტა ხანი ილაპარაკა. მათ ოდნავ ფილოსოფიური საუბარი გამოუვიდათ.
„ჩვენს გუნდში ბევრი ნიჭიერი მოთამაშე იყო შეკრებილი, რომლებიც, ამასთან, ძალიან მოკრძალებული ადამიანები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ვარსკვლავის სტატუსი გვქონდა, ჩვენ ბევრს ვშრომობდით მინდორზე და ვიცოდით, რას ვაკეთებდით“, – გაიხსენა ფიგუმ.
„მე მომწონდა ვარჯიში შენთან და სხვა ბიჭებთან. მართალია, ვერ მოვიგეთ ყველა ტიტული, მაგრამ ამაშია ფეხბურთის არსი და სილამაზე“, – თქვა ბრაზილიელმა.