როცა ძროხები დაფრინავენ: რიგის აეროპორტში ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის ტესტირება დაიწყო
საილუსტრაციო ფოტო
რიგიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი ამ თვეში ორი საცდელი რეისით განხორციელდა. „ლატვიის რადიოს“ მიერ 26 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული რეისებით, ესტონეთიდან, რიგის აეროპორტის გავლით, ტაშკენტში 240 მოზვერი გადაიყვანეს.
ცოცხალი პირუტყვის გადამყვანი პირველი ავიარეისების შესრულება ავიამომსახურების კომპანია AG Handlings-ის სატვირთო ტერმინალის ინფრასტრუქტურის ადაპტირების შედეგად გახდა შესაძლებელი. კერძოდ, პირუტყვის გადასაყვანი სპეციალური ზონა ვეტერინარული მოთხოვნებისა და ცხოველთა მოვლა-პატრონობის სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
კომპანიის დირექტორი, იანის კაუძე (Kaudze) ამბობს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, რიგის აეროპორტის გავლით პირუტყვის ექსპორტით ესტონელი ფერმერები დაინტერესდნენ. მათ ცოცხალი პირუტყვი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ შორის უზბეკეთში, გაჰყავთ, სადაც მას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგების შესავსებად ყიდულობენ.
ბოლო წლებში ბალტიის ქვეყნებიდან ცენტრალურ აზიაში პირუტყვის გადაყვანა გართულდა, რადგან რუსეთის ტერიტორიის გავლით სახმელეთო ტრანზიტი შეწყვეტილია, ევროპის სხვა აეროპორტების გავლით პირუტყვის ექსპორტი კი ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.
თუმცა, გამოსავალი, პრაქტიკულად, უკვე მოიძებნა – რიგის აეროპორტიდან ცხოველების გადაყვანა მნიშვნელოვნად ამცირებს პირუტყვის გზაში ყოფნის დროს და ამით ცხოველების ფიზიკურ მდგომარეობასაც აუმჯობესებს.
AG Handlings-ის ხელმძღვანელის, იანის კაუძეს თქმით, ტრანსპორტირების ამ ახალი შესაძლებლობით ამჟამად ბევრი მხარეა დაინტერესებული და მასზე მოთხოვნა, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ძალიან გაიზარდოს.
„მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სატვირთო მანქანიდან პირუტყვი სულ რაღაც 2-2,5 საათში გადმოგვყავს და სპეციალურ კონტეინერებში ვათავსებთ, რომლებსაც ადგილზე თავად ვამზადებთ. ამას მოსდევს ტაშკენტამდე ფრენა, რომელიც ძალიან მოკლეა და 4-5 საათი გრძელდება. იქ უკვე პირუტყვი სხვა სატრანსპორტო საშუალებებში გადაჰყავთ, რომ ახალ საცხოვრებელ ადგილამდე მიიყვანონ. სახმელეთო გზით ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა და მგზავრობა, შესაძლოა, ერთ თვემდე გაგრძელებულიყო. თვითმფრინავით გადაყვანა, რა თქმა უნდა, უფრო ძვირია, მაგრამ ორი რეისი უკვე მოვაწყვეთ. ამჟამად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორი პარტია ფერმერულ მეურნეობებში საკარანტინო პერიოდს გადის, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ 7 რეისი შესრულდება“, – განაცხადა კაუძემ.
კომპანია მომავალში გეგმავს პირუტყვის ტრანსპორტირებას არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნებიდან, არამედ პოლონეთიდან და ავსტრიიდანაც, საიდანაც რიგის აეროპორტის გავლით საქონლის ტრანზიტი საკმაოდ მოსახერხებელი იქნება.
ტრანსპორტირების ხარჯებს, როგორც წესი, პირუტყვის მყიდველი ფარავს, თუმცა რიგის აეროპორტიდან პირუტყვის ექსპორტის შესაძლებლობას ლატვიის მეცხოველეობის სექტორიც სარგებლიანად მიიჩნევს, რადგან ეს ფერმერებს ახალ ბაზრებზე გასვლის უფრო ფართო შესაძლებლობებს უქმნის.
ამჟამად ლატვიიდან ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 სული ცოცხალი პირუტყვი გაჰყავთ ექსპორტზე, რაც წლის განმავლობაში დაბადებული ხბოების დაახლოებით 50 პროცენტს შეადგენს. ფერმერ კასპარ ადამსის განმარტებით, მათი დიდი ნაწილი პირდაპირ მეხორცული ჯიშის პირუტყვის აუქციონებზე იყიდება.
„დრო დასჭირდება იმას, რომ მომხმარებლებმა ასეთი შესაძლებლობების არსებობის შესახებ შეიტყონ, რადგან ბოლო 36 წლის განმავლობაში ბალტიის ქვეყნებში მსგავსი რამ არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ლიეტუვას, რომელმაც 15 თუ 20 წლის წინ ისრაელში გაიყვანა ხბოები. ახლა ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს. ამ კუთხით, ევროპაში ბელგიის აეროპორტი გამოირჩევა, საიდანაც ცხოველები მთელ მსოფლიოში გადაჰყავთ. ვფიქრობ, რიგასაც აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი. უბრალოდ, ცოტა მეტი დროა საჭირო. ნებისმიერი ასეთი ექსპორტი ძალიან სარგებლიანია, რადგან ჩვენი ადგილობრივი ბაზარი, სამწუხაროდ, ძალიან პატარაა – მეტისმეტად პატარა“, – განაცხადა ადამსმა.