რობერტო მანჩინი - კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების თამაშით #1TVSPORT
ევრო 2020-ის გახსნის მატჩში იტალიის ნაკრებმა თურქეთი 3:0 დაამარცხა და მარტივი სამი ქულა მოიპოვა. „სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განვლილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„მოხარულები ვართ, რომ ყველა იტალიელს, რომელიც უყურებდა მატჩს და მათ, ვინც იყო სტადიონზე, ღიმილის საშუალება მივეცით. შესანიშნავი საღამო იყო. მოლოდინი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ეს მარტივი არ იქნებოდა. თურქეთს ძალიან ძლიერი, ტალანტებით სავსე ნაკრები ჰყავს. კარგად ვითამაშეთ და მათ მომენტების შექმნის საშუალება არ მივეცით“, – აღნიშნა მანჩინიმ.
იტალიელი სპეციალისტის თქმით, ის თავისი ფეხბურთელებით კმაყოფილია.
„არაფერი მომხდარა მოულოდნელი, ისეთი, რამაც გამაოცა. მე შეჩვეული ვარ კარგი თამაშის ყურებას. იოლი მატჩი ნამდვილად არ იყო. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ეს იყო გახსნის შეხვედრა, გაიმართა ოლიმპიურ სტადიონზე, ჩვენი გულშემატკივრის თვალწინ, ამიტომ, ჩვეულებრივზე მეტ წნეხს ვგრძნობდით. ამის გათვალისწინებით, კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების თამაშით.
ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩემი აზრით, ბევრი ძლიერი გუნდი თამაშობს ამ ჩემპიონატზე. ამიტომ წარმატებულ სტარტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო შესანიშნავი დაპირისპირება ნაკრებთან, რომელიც არც ისე სუსტია, როგორც ეს ერთი შეხედვით გამოჩნდა.“
იტალიის ნაკრები შემდეგ მატჩს შვეიცარიის წინააღმდეგ 16 ივნისს გამართავს.