რობერტო ლანდი - „კოლხეთში“ „იუვენტუსის“ აღზრდილის დამატება გვსურს
რობერტო ლანდი - „კოლხეთში“ „იუვენტუსის“ აღზრდილის დამატება გვსურს

ფოთის „კოლხეთი 1913“-ის სპონსორმა lion building development-მა მედიასა და გულშემატკივრებს გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო ლანდი წარუდგინა – სპეციალისტი, რომელიც 1998-2000 წლებში საქართველოს U21 ნაკრებს წვრთნიდა. ლანდი კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

კოლხების ახალი მთავარი მწვრთნელი და ასევე, პრესსამსახურის ახალი უფროსი ზურაბ თალაკვაძე კლუბის ერთ-ერთმა მეპატრონემ გიორგი ხერხაძემ წარადგინა.

„ძალიან საინტერესო, მდიდარი ისტორიის გუნდია და მინდა, აქ, ფოთში კლუბის ახალ მფლობელებთან ერთად წარმატება დავაბრუნო. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის მფლობელებს ნდობისთვის. მახსოვს აქ გატარებული პერიოდი, როდესაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ბევრ ნიჭიერ მოთამაშესთან ვიმუშავე. კარგი, სასიამოვნო დრო იყო. მაშინ დაიწყო ჩემი სამწვრთნელო კარიერა დ ძალიან კარგია, რომ საქართველოში დავბრუნდი. მე მჭირდება გუნდი, სადაც ყველა ერთი მიზნისთვის ითამაშებს, სადაც ყველა ჩემი პრინციპებით ითამაშებს. მჭირდება ერთი გუნდი და არა – 11 კარგი ფეხბურთელი. დარჩენილია 18 შეხვედრა და „კოლხეთმა“ სეზონი უნდა გადაარჩინოს, რაც რეალურია“, – ამბობს რობერტო ლანდი.

მისი თქმით, „კოლხეთში“ ახალ მოთამაშეებს კიდევ ელოდებიან.

„მოლაპარაკებას კიდევ რამდენიმესთან ვაწარმოებთ. ამაში უშუალო მონაწილეობას კლუბის მფლობელები იღებენ. ველაპარაკებით სამ მოთამაშეს, ერთი მათგანი „იუვენტუსის“ აღზრდილია“, – ამბობს რობერტო ლანდი.

დატოვე კომენტარი