რობერტო ბაჯო - 1994 წელს აცილებულ პენალტს ძილის წინ ხშირად ვიხსენებ
რობერტო ბაჯო - 1994 წელს აცილებულ პენალტს ძილის წინ ხშირად ვიხსენებ

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალში გაფუჭებული პენალტი გაიხსენა.

ბაჯომ ბრაზილიის წინააღმდეგ პენალტების სერიაში 11-მეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო, რის გამოც ტიტული სამხრეთამერიკულ გუნდს დარჩა.

„ცხოვრებაში კარისთვის პენალტი არასოდეს ამიცილებია. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და სწორედ ეს დარტყმა გახდა ჩემთვის მომაკვდინებელი. ძველებურად ხშირად ვიხსენებ ამ მომენტს, განსაკუთრებით ძილის წინ. ბავშვობაში ვოცნებობდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იტალიის ნაკრების რიგებში ბრაზილიის წინააღმდეგ მეთამაშა, მაგრამ იმ ოცნებაში არ შედიოდა მომენტი, როცა პენალტის გატანას ვერ ვახერხებ.

მე ყველაფერი გავიღე იმისთვის, რომ იმ აცილების გამო რეაბილიტაციის საშუალება მქონოდა. 2002 წელს ვიმედოვნებდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წამიყვანდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, შინ დავრჩი. არ მინდა თამამი და გადაჭარბებული ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ მე მაშინ ვიმსახურებდი მსოფლიოზე წასვლას, თუნდაც ვინმეს ეჭვი ჰქონოდა ჩემს მაშინდელ შესაძლებლობებში”, – თქვა ბაჯომ ქალაქ ტრენტოში, სპორტულ ფესტივალზე გამოსვლის დროს.