რობერტა მეცოლამ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა - ჩვენ გვაქვს თქვენი ზურგი, თქვენ გვერდით ვიქნებით, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, თავისუფლება გაიმარჯვებს, მშვიდობა აღდგება, დიდება უკრაინას
რობერტა მეცოლამ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა - ჩვენ გვაქვს თქვენი ზურგი, თქვენ გვერდით ვიქნებით, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, თავისუფლება გაიმარჯვებს, მშვიდობა აღდგება, დიდება უკრაინას

ჩვენ თქვენ გვერდით ვართ ახლა და ვიქნებით, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, თავისუფლება გაიმარჯვებს, მშვიდობა აღდგება, თქვენ გაიმარჯვებთ, დიდება უკრაინას, – ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ განაცხადა.

როგორც რობერტა მეცოლამ აღნიშნა, თითქმის ერთი წელი გავიდა სუვერენულ უკრაინაში რუსეთის სასტიკი, უკანონო ინტერვენციიდან.

„ამ პერიოდის განმავლობაში, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ლიდერობა გახდა შთაგონება თქვენი ხალხისა და მსოფლიოს ყველა კუთხისთვის. როდესაც მსოფლიო ფიქრობს უკრაინაზე, მათ ახსენდებათ გმირები, რომლებიც ებრძვიან ბოროტებას. ახსენდებათ დავითი, რომელმაც გოლიათი დაამარცხა, ისინი ფიქრობენ ზმეინის კუნძულის გმირებზე, მარიუპოლის დამცველებზე, უამრავი ოკუპირებული ქალაქისა და სოფლის განმათავისუფლებლებზე. მათი სახელები თაობებს ემახსოვრებათ.

მე ამაყი ვარ, ვთქვა, რომ ევროპის დემოკრატიის ეს პალატა, ევროკავშირის წევრები ყოველთვის თქვენ გვერდით იდგნენ. ჩვენ გვესმის, რომ თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი ღირებულებებისთვის, არამედ ჩვენისთვისაც, იმ იდეალებისთვის, რომლებიც გვაკავშირებს, რომლებიც ყველას ევროპელად გვაქცევს. რადგან უკრაინა ევროპაა და თქვენი ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია.

ჩვენ ვიცით ის მსხვერპლი, რომელიც თქვენმა ხალხმა გაიღო ევროპისთვის და ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებითაც, პოლიტიკური ნებით, რაც შეიძლება სწრაფი გაწევრიანების პროცესით, ფონდებით თქვენი ხალხისთვის, რეკონსტრუქციაში დახმარებით, თქვენი ჯარების წვრთნით, სამხედრო აღჭურვილობით და თავდაცვითი სისტემებით, რომლებიც თქვენ გჭირდებათ გამარჯვებისთვის. ახლა სახელმწიფოებმა სწრაფად უნდა განიხილონ, როგორც მომავალი ნაბიჯი, შორ მანძილზე მოქმედი სისტემებისა და გამანადგურებლების მიწოდება, რომლებიც თქვენ გჭირდებათ თავისუფლების დასაცავად. ჩვენი პასუხი უნდა იყოს საფრთხის პროპორციული, საფრთხე კი ეგზისტენციალურია. თქვენ არ გჭირდებათ აქ ვინმეს დარწმუნება იმაში, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა, იმ ადამიანების გვერდში დგომა, ვინც საკუთარ სიცოცხლეს წირავს, ღირებულებების მხარდაჭერა კონკრეტული ზომებით, თქვენ 10-პუნქტიანი გეგმის საფუძველზე გამარჯვების და ნამდვილი მშვიდობის უზრუნველყოფა, სამხედრო დანაშაულების ჩამდენი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და ყველა უკრაინელის თავისუფლების დაცვა. მინდა, გავიმეორო ის დაპირება, რომელიც მოგეცით, როდესაც გასულ აპრილს კიევში შევხვდით – ჩვენ გვაქვს თქვენი ზურგი. ჩვენ თქვენ გვერდით ვიყავით მაშინ, თქვენ გვერდით ვართ ახლა და ვიქნებით თქვენ გვერდით, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. თავისუფლება გაიმარჯვებს, მშვიდობა აღდგება, თქვენ გაიმარჯვებთ! დიდება უკრაინას“, – განაცხადა მეცოლამ.