რობერტა მეცოლამ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა – „არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მისკენ ისწრაფვის“

13:54, 15.10.2026

ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მისკენ ისწრაფვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად ჟურნალისტებს ევროკავშირის საბჭოზე ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

კითხვაზე, რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სხვა კანდიდატი ქვეყნები წინ მიიწევენ და რა გზავნილი ექნებოდა ქართველი ხალხისთვის, მეცოლამ განაცხადა:

„არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მისკენ ისწრაფვის. სწორედ ამას ვეუბნებით ყველა ქვეყანას და ველოდებით გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას, დამსახურების მიხედვით, თითოეული ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ განვაგრძობთ დისკუსიას ყველა ქვეყანასთან“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

ამასთან, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობისა და ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში დასმულ კითხვაზე, დადგა თუ არა დრო, ევროკავშირმა შეცვალოს მიდგომა საქართველოს მიმართ და გააღრმავოს მასთან დიალოგი, მეცოლამ აღნიშნა:

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ენერგომომარაგებაზე, პირველ რიგში, გვჭირდება საიმედო პარტნიორები და საიმედო თანამშრომლობა“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მსგავსი