რობერტ ლევანდოვსკი - ყველა ადამიანი, რომელიც აფასებს თავისუფლებასა და მშვიდობას, დღეს სოლიდარული უნდა იყოს უკრაინის მიმართ #1TVSPORT
პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ კომენტარი გააკეთა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის მატჩზე, რომელშიც მისი გუნდი 24 მარტს რუსეთის ნაკრებს უნდა შეხვდეს. შეხვედრის მასპინძელი მოსკოვია, თუმცა პოლონეთის ნაკრებმა უარი განაცხადა რუსეთში გამგზავრებაზე.
„ყველაფერი შესანიშნავი, რაც სპორტს გააჩნია, ეწინააღმდეგება იმას, რაც ომს მოაქვს. ყველა ადამიანი, რომელიც აფასებს თავისუფლებასა და მშვიდობას, დღეს სოლიდარული უნდა იყოს უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლთა მიმართ.
როგორც ნაკრების კაპიტანი, დაველაპარაკები ჩემს თანაგუნდელებს რუსეთთან მატჩის შესახებ, რათა საერთო პოზიცია შევიმუშავოთ ამ საკითხთან დაკავშირებით და რაც შეიძლება სწრაფად წარვუდგინოთ ის პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტს“, – დაწერა „ტვიტერში“ ლევანდოვსკიმ.