რობერტ ლევანდოვსკი პსჟ-ს 4:0-ით ემუქრება
რობერტ ლევანდოვსკი პსჟ-ს 4:0-ით ემუქრება

მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის დაკავება სურს.
ხუთი ტურის შემდეგ, B ჯგუფში “პარი სენ-ჟერმენი” ლიდერობს 15 ქულით, “ბაიერნს” – 12 ქულა აქვს. ეს გუნდები ბოლო ტურში მიუნხენში შეხვდებიან ერთმანეთს და გერმანიის ჩემპიონს მიზნის მისაღწევად, ოთხი ბურთით სჭირდება ფრანგების დამარცხება, რადგან პირველ მატჩში “ბაიერნმა” 0:3 წააგო პსჟ-სთან.
“თუ შანსს ვინარჩუნებთ, აუცილებელია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ ჯგუფში. გასაგებია, რომ “ბაიერნს” პსჟ-სთვის 4:0 მოგება სჭირდება. ეს რთული იქნება, მაგრამ ჩვენს სტადიონზე ყველაფერია შესაძლებელი. ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ”, – მოჰყავს გაზეთ Kicker-ს პოლონელი ფორვარდის სიტყვები.