რობერტ კუბიცა „უილიამსის“ პილოტი გახდა
რობერტ კუბიცა „უილიამსის“ პილოტი გახდა

ცნობილი პოლონელი პილოტი რობერტ კუბიცა მომდევნო სეზონში ბრიტანული საჯინიბოს „უილიამსის“ საბრძოლო პილოტი იქნება. ის შეცვლის რუს სერგეი სიროტკინს, რომელსაც წლევანდელ სეზონში ყველაზე ნაკლები ქულა აქვს მოპოვებული, – იტყობინება „უილიამსის“ პრეს-სამსახური.

უფრო ადრე, ბრიტანულმა გუნდმა პილოტ ჯორჯ რასელთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

წელს, „უილიამსში“ სიროტკინთან ერთად კანადელი ლენს სტროლი გამოდიოდა, რომელიც გაისად „ფორს ინდიას“ ღირსებას დაიცავს.

უფრო ადრე, კუბიცამ „ფერარის“ სარეზერვო პილოტის როლზე უარი თქვა. გაჩნდა ინფორმაცია, რომ მან „უილიამსში“ საბრძოლო პილოტის სტატუსი ბიზნესმენ ლოურენს სტროლის დახმარებით მიიღო, რომელიც „უილიამსის“ სპონსორი იყო, ახლა კი „ფორს ინდია“ შეიძინა, სადაც წაიყვანა კიდეც „უილიამსიდან“ თავისი ვაჟი ლენს სტროლი.

კუბიცა 2006-10 წლებში გამოდიოდა ფორმულა 1-ში. 2011 წლის დასაწყისში ის იტალიაში გამართულ რალიზე უმძიმეს ავარიაში მოხვდა და სასწაულებრივ გადაურჩა ხელის ამპუტაციას. კუბიცამ იმ ინციდენტიდან მხოლოდ ორი წლის თავზე შეძლო სპორტში დაბრუნება.