რობერტ ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
რობერტ ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

რობერტ ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.

სპეციალიზებული სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლე პროკურორის მოთხოვნას დაეთანხმა და ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება გადაწყვიტა. როგორც მედია წერს, ამის მიზეზი ეჭვმიტანილის მიმალვის საფრთხე გახდა. სასამართლო ბრალდებულის პატიმრობის შეფარდების საკითხს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი განიხილავდა.

ბრალდებულს აქვს კანონით დადგენილი ვადა, რათა მიუთითოს, გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას, რაც შესაძლოა, უზენაესმა სასამართლომ განიხილოს. 71 წლის მამაკაცს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობისთვის 25 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს თავდამსხმელმა 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ჭრილობა მიაყენა. ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა. ექიმები ბრატისლავაში მის ტრანსპორტირებას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.