რობერტ ფიცო გამოვიდა ინიციატივით, რომ 2026 წლის თვითმმართველობის არჩევნები ერთი წლით გადაიდოს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო გამოვიდა ინიციატივით, რომ 2026 წელს ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთი წლით გადაიდოს.
როგორც „ევროაქტივი“ წერს, რობერტ ფიცოს წინადადებამ მის თანაგუნდელებშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ფიცო მიიჩნევს, რომ სლოვაკეთისთვის უკეთესი იქნება, თუ მერებისა და რეგიონების გუბერნატორების 4-წლიანი უფლებამოსილება გახანგრძლივდება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ინიციატივით სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მთავრობის კონსოლიდაციის მიზნით შემუშავებული სადავო პაკეტიდან სხვა საკითხებზე გადაიტანოს.
ფიცომ არჩევნების გადადების იდეა იმ ფონზე წარადგინა, როდესაც მისი პარტიის პოპულარობა მცირდება. ბოლო გამოკითხვებით პარტია „სმერი“ ოპოზიციური „პროგრესული სლოვაკეთის“ რეიტინგს 7%-ით ჩამორჩება. „პროგრესული სლოვაკეთის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფიცოს თუ სურს ორი არჩევნების გაერთიანება, უმჯობესი იქნება, რომ ორივე კენჭისყრა 2026 წელს გაიმართოს.