რობერტ ფიცო – ევროკომისია სლოვაკეთის ინტერესებზე მაღლა უკრაინის ინტერესებს თუ დააყენებს, დაივიწყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხარდაჭერა

20:21, 29.03.2026

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ევროკომისიისგან უკრაინაზე ზეწოლის განხორციელებას ითხოვს, რათა ქვეყანამ ნავთობსადენ „დრუჟბიდან“ ნავთობის ტრანზიტი განაახლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიცო იმუქრება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას დაბლოკავს და გადახედავს თავის პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ამასთან, რობერტ ფიცო ევროკომისიას „ორმაგ სტანდარტებში“ ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ის უკრაინის ინტერესებს სლოვაკეთის ინტერესებზე მაღლა აყენებს.

სლოვაკეთის პრემიერი აკრიტიკებს ევროკომისიასა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „დრუჟბის“ გარშემო არსებული ვითარების გამო და ამას ბრატისლავის ინტერესების „განზრახ დარღვევას“ უწოდებს.

„ევროკომისიამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის რამეს გაკეთება ეიძულებინა. თუ ევროკომისია მომავალშიც ასე მოქცევას გააგრძელებს და სლოვაკეთის ინტერესებზე მაღლა უკრაინის ინტერესებს დააყენებს, მან უნდა დაივიწყოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხარდაჭერა ან ჩვენი მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.

მსგავსი