რობერტ ფიცო ანტონიუ კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს - რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე დუმილი არასწორი და ირაციონალურია
რობერტ ფიცო ანტონიუ კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს - რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე დუმილი არასწორი და ირაციონალურია

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს. რობერტ ფიცო უკმაყოფილებას გამოთქვამს უკრაინის მხრიდან სლოვაკეთისთვის რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტაზე.

ფიცომ აღნიშნული წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სლოვაკეთის პრემიერი ევროკავშირის ლიდერებს წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე დუმილი არასწორი და ირაციონალურია, ასევე ეს ქმედება დაძაბულობასა და საპასუხო ზომებს გამოიწვევს.

როგორც ფიცო წერილში აღნიშნავს, „უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტის ეკონომიკური შედეგები საერთოდ არ ყოფილა პროფესიულად გაანალიზებული და ყველაფერი მხოლოდ იდეოლოგიურად შეფასდა, თუმცა ამის ანალიზი თუ ჩატარდა, წევრ სახელმწიფოებთან ღიად არ განხილულა“.

ფიცოს თქმით, გაზის ტრანზიტის შეწყვეტა ევროკავშირს მეტად დააზიანებს, ვიდრე რუსეთს.

სლოვაკეთის პრემიერმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, სათანადო ყურადღება მიაქციონ ამ „უპრეცედენტო ვითარებას და გადაუდებელი მნიშვნელობა მიანიჭონ მას“.