რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის სწრაფვას, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის სწრაფვას, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის სწრაფვას, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფიცომ სლოვაკეთში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ მიხალოვცეში გაიმართა.

„ეს არ არის სპეკულაცია, ეს არის აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც შეგიქმნით დაბრკოლებებს ევროკავშირისკენ გზაზე. პირიქით, ჩვენ გვინდა დახმარება, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

რობერტ ფიცოს თქმით, სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა მალე გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გარანტია.

გარდა ამისა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მონაწილეობას მიიღებს შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს გაიმართება.

ფიცოსთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი შვეიცარიაში დაგეგმილ სამიტზე მიიწვია.

„ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა მშვიდობა, როგორც არავის სხვას ამ პლანეტაზე. მადლობლები ვართ სლოვაკეთის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ველოდებით მშვიდობის გლობალური სამიტის ჩატარებას, ვიწვევთ სლოვაკეთს, მონაწილეობა მიიღოს მასში და მხარი დაუჭიროს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას“, – განაცხადა შმიგალმა.