რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ

ხაშურის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ, – ამის შესახებ პირველ არხს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ლეჟავამ განუცხადა.

საუბარია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მიერ დასაქმებულ 60 ადამიანზე. ლეჟავას თქმით, მშენებლობაზე დასაქმებულები საუბრობენ, რომ ისინი კუთვნილ შვებულებასა და ანაზღაურებას ვერ იღებენ. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ასევე უსაფრთხოების ნორმების არარსებობა.

როგორც ლეჟავამ განაცხადა, ამ წუთებში რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა და „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ-ჯერობით შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.

„ამ ეტაპზე 60 ადამიანია გაფიცული. ისინი აპროტესტებენ მიმდინარე პრობლემებს და უარს აცხადებენ სამუშაოს შესრულებაზე. პრობლემები ბევრია, მაგრამ საუბარია უსაფრთხოების ნორმებისა და საკმარისი ხელფასების არარსებობაზე, ასევე არის ხარვეზები და პრობლემები ინდივიდუალური ხელშეკრულებებში. ხშირად დასაქმებულებს პრობლემები ექმნებათ ანაზღაურების დროულად მიცემისა და შვებულების გამოყენებაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, პრობლემატურია ისეთი საკითხები, რაც შრომის კოდექსით გარანტირებულად უნდა ეძლეოდეთ ადამიანებს. როგორც დასაქმებულები ამბობენ, უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან“, – განაცხადა ილია ლეჟავამ.

როგორც დასაქმებულები ამბობენ ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.