რიში სუნაკი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია
რიში სუნაკი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია

უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

სუნაკის განცხადებით, ამაყობს დიდი ბრიტანეთის გამოცდილებით უკრაინის მხარდაჭერაში და თქვა, რომ სურს დარწმუნდეს, რომ ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის წარმატებისთვის.

„ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია. რაზეც ახლა უკრაინასთან ვსაუბრობთ, არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო მხარდაჭერა წარმატებული კონტრშეტევისთვის“, – განაცხადა სუნაკმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

„გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევქმენით უსაფრთხოების მექანიზმები უკრაინისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ ძალიან ძლიერ სიგნალს ვუგზავნით ვლადიმერ პუტინს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც“, – აღნიშნა სუნაკმა.

შეგახსენებთ, მოლდოვაში გამართული სამიტის ფარგლებში, სუნაკთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორი მანძილის რაკეტების მიწოდებისთვის.