რიში სუნაკი - ბრიტანეთის პოზიცია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა
რიში სუნაკი - ბრიტანეთის პოზიცია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა

ბრიტანეთის პოზიცია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. სუნაკმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის თქმით, ბრიტანეთს შეუძლია, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ოფიციალურად აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ისე, რომ არ დაელოდოს, რა შედეგს მოიტანს ისრაელსა და პალესტინას შორის მრავალწლიანი მოლაპარაკება ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ.

„პოზიცია, რომელიც მთავრობას უკვე დიდი ხანია, უკავია არის ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ პალესტინის სახელმწიფოს მაშინ, როდესაც ეს ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესებს. ვფიქრობ, რომ ქემერონის სიტყვები ზედმეტად ინტერპრეტირებული იყო“, – თქვა სუნაკმა.

​ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება უნდა მოხდეს, როგორებიცაა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ხალხის გათავისუფლება.