რიმა ბერაძე - ქართველი ხალხი, უკრაინელი ერი და საერთაშორისო საზოგადოებაც ფაქტებით ხედავს ჩვენს მხარდაჭერას, რომელიც თავიდანვე ისეთივე მტკიცე იყო, როგორიც ახლა
ევროკავშირიდან მიღებული კითხვარი კიდევ ერთხელ უტყუარი მტკიცებულებაა ჩვენ მიერ აღიარებული საგარეო პოლიტიკისა, რომელსაც მტკიცედ და ურყევად მივყვებით, – ამის შესახებ რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„აღნიშნული კითხვარის გადმოცემა ჩვენი ხელისუფლების მიერ, ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იმის ნაცვლად, რომ გავერთიანდეთ ამ მიზნის გარშემო და დღეს ყველა იმაზე ვმსჯელობდეთ, როგორ შევასრულოთ სწრაფად და შედეგიანად ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები, როგორც წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა როგორც პროგრესსა და განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო – ოპოზიცია ყველა ხერხს მიმართავს და დღესაც იმას ქადაგებს, რომ შელახოს ქვეყნის იმიჯი, რითაც აზიანებს არა ხელისუფლებას არამედ საკუთარ სამშობლოს“, – განაცხადა დეპუტატმა.
რიმა ბერაძის თქმით, ოპოზიცია მეათე წელია, ძალაუფლების დაბრუნებაზე ოცნებობს და ამას ვერ ახერხებს, რადგან ისინი მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან მოქმედებენ და მათი ქმედებები არასოდეს მომდინარეობს ხალხის სურვილებიდან. რიმა ბერაძის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანიისა, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ხელისუფლების მიერ წარმოებულ გონივრულ პოლიტიკას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„რაც მალე მიხვდებით, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი და მეორე მხარეს თქვენ, მეტად ნაკლები ზიანი მიადგება ჩვენს ქვეყანას და თქვენსავე პარტიასაც“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა უკრაინის მხარდასაჭერად ჩვენი ქვეყნის მიერ გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო პირველია 191 ქვეყანას შორის უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის მოცულობით და ერთ-ერთი პირველი იმ 14 ქვეყნიდან, საიდანაც უკრაინაში საფოსტო გზავნილები უფასოდ ხორციელდება.
„აღარაფერს ვამბობ ყველა დონის საერთაშორისო მხარდაჭერაზე, ამას ხედავს და აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობაც. თქვენ მიერ წარმოებულმა დეზინფორმაციის კამპანიამ მხოლოდ ორი დღე თუ იმუშავა. მას შემდეგ, ქართველი ხალხი, უკრაინელი ერი და საერთაშორისო საზოგადოებაც ფაქტებით ხედავს ჩვენს მხარდაჭერას, რომელიც თავიდანვე ისეთივე მტკიცე იყო, როგორიც ახლა“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.