რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში 3-დან 7 ივნისამდე მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შეზღუდვა უკავშირდება ზაფხულის სეზონთან დაკავშირებულ პროფილაქტიკურ სამუშაოებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, 3 ივნისის 08:00 საათიდან 7 ივნისის 08:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.