რიკ დემსი - ცოტა უცნაურია, როდესაც მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად არის რეფერენდუმი ოპოზიციასა და მთავრობას შორის
რიკ დემსი - ცოტა უცნაურია, როდესაც მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად არის რეფერენდუმი ოპოზიციასა და მთავრობას შორის

რეფორმების გატარებისას ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის აზრი. ეს მოსაზრება არის როგორც საკვები ოპოზიციისა და უმრავლესობისთვის, რომ გამოიყენონ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შემთხვევები, როდესაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული, არის საფუძველი დებატებისთვის.

„ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. გვაქვს ასეთი ინსტიტუცია, რომელსაც ვენეციის კომისია ჰქვია. ეს არის ორგანო, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმისა და საარჩევნო სისტემის საკითხებში მსოფლიოს მაშტაბით მაღალი რეპუტაცია აქვს. დიახ, თუ თქვენ ატარებთ რეფორმებს, ჩემი აზრით, ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის აზრი, ვენეციის კომისია არ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გეუბნება, რა უნდა გააკეთო, ისინი საკუთარ მოსაზრებას გთავაზობენ და ეს მოსაზრება შემდეგ უნდა წაიღო მთავრობაში ან პარლამენტში. ამ მოსაზრებას ან გაითვალისწინებენ, ან არა, ეს მოსაზრება არის როგორც საკვები ოპოზიციისთვის და უმრავლესობისთვის, რომ გამოიყენონ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

მესმის, რომ ზოგიერთი რეფორმის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. რა შემთხვევაშიც არ იყო გათვალისწინებული, ის რა თქმა უნდა, დებატებისთვის საკვებია ოპოზიციისა და ჩვენთვისაც ასამბლეაში“, – განაცხადა რიკ დემსმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნების საკითხსაც შეეხო.

„საქართველოს საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არის. საარჩევნო რეფორმა არის ჩვენს დღის წესრიგში. ეს ის საკითხებია, რასაც მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში დავაკვირდებით. ახლა არდადეგები გვექნება მაგრამ დავბრუნდებით სექტემბერში, რადგან ოქტომბერში არჩევნები გაქვთ. როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს. ასე რომ, რაღაცას ახალს ქმნით. არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს, ცოტა უცნაურია, მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად რეფერენდუმია ოპოზიციასა და მთავრობას შორის. საინტერესოა, მაგრამ ჩარევას არ ვაპირებ“, – განაცხადა რიკ დემსმა.