14 აპრილს საფეხბურთო აგენტი და ყოფილი ფეხბურთელი რომან ბეზუბოვი რიგაში, მისივე ავტომობილში მოკლეს.
პოლიციის ცნობით, ბეზუბოვის მკვლელობაში შესაძლოა, მინიმუმ ორი ადამიანი მონაწილეობდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს იმ მანქანის ძებნა, რომლითაც ისინი გადაადგილდნენ. ზოგიერთი ინფორმაციით, დამალვის მიზნით, მკვლელობის შემდეგ მათ მანქანის ნომერი შეცვალეს.
ბეზუბოვმა საფეხბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა: იგი თამაშობდა ლატვიურ კლუბებში „დაუგავასა“ და „ვენტაში“, ასევე ალბანურ „ბულისში“. კარიერის დასრულების შემდეგ, ბეზუბოვმა სამენეჯერო საქმიანობა დაიწყო. მის კლიენტებს შორის იყვნენ ლატვიის ნაკრების ფეხბურთელები ვიტალი იაგოდინსკი და ვლადისლავ სოლოვეიჩიკი, ასევე უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლაი მუსოლიტინი.
ბეზუბოვის ფეისბუქ-გვერდზე მითითებულია, რომ ფიფა-ს ლიცენზირებული აგენტი იყო, გარდა ამისა, ცნობილია, რომ ის არის SIA BR სპორტული სააგენტოს თანამფლობელი, რომლის საგადასახადო დავალიანებამაც აპრილში 6 ათას ევროს გადააჭარბა.