10 თებერვალს ზაზა ფაჩულიას 39 წელი შეუსრულდა. იგი NBA-ის ორგზის ჩემპიონია, საქართველოს ნაკრებში 1236 ქულა აქვს ჩაგდებული, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 16 წელიწადში 1171 მატჩი გაუმართავს.
ზაზას კარიერაში კიდევ უამრავი რიცხვია, რომლებიც ყურადღებას იპყრობს. მათგან 10 ყველაზე მნიშვნელოვანი შევარჩიეთ.
2017 წელს NBA-ის ჩემპიონი გუნდის, „გოლდენ სტეიტის“ დაჯილდოების ცერემონიალი ქართველი გულშემატკივრისთვის საოცნებო იყო: ჩვენი თანამემამულე თასით ხელში… ამაყად მოფრიალე ხუთჯვრიანი დროშა…
2017 წლის 6 აგვისტოს სტამბოლი-თბილისის შუადღის რეისი ჩვენს აეროპორტში 16:35 საათზე დაეშვა, ტრაპზე ჩემპიონი ზაზა ფაჩულია გამოჩნდა, რომელსაც „გოლდენ სტეიტიდან“ მოვლენილმა ტრიომ გაპრიალებიული ოქროს თასი გადასცა, ზაზამაც გულის მხარეს ჩაიხუტა და ისე გამოვიდა მოსაცდელ დარბაზში, სადაც უამრავი გულშემატკივარი ელოდა.
„დაპირება შევასრულე, NBA-ს თასი თბილისშია! – ქომაგთა და მედიელთა გარემოცვაში მყოფმა ფაჩულიამ ამაყად თქვა, – ბედნიერი ვარ თქვენ გვერდით ყოფნით. ამერიკაში თასის მოგებით ძალიან გავიხარე, თანაგუნდელებთან ერთადაც ლამაზად აღვნიშნე, მაგრამ მოუთმენლად ველოდი, როდის ჩამოვიდოდი საქართველოში თასთან ერთად. ეს თქვენია, საქართველოს ეკუთვნის. ვერავინ, ვერასოდეს წაგვართმევს. ისევე როგორც მე, თქვენც შეგიძლიათ იამაყოთ“.
მომდევნო წელს ზაზამ „გოლდენ სტეიტთან“ ერთად მეორედ აღმართა NBA-ის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი და მეორედ მოირგო საჩემპიონო ბეჭედი.
„ზურაბ ტომარაძემ ნაკრებში რომ მიმიწვია, 2000 წელი იყო, იმ პერიოდს რა დამავიწყებს! მკაფიოდ მახსოვს, როგორ შევუერთდი ნაკრებს მოსკოვში, როგორ გავემგზავრე გუნდთან ერთად დანიაში, როგორი იყო დებიუტი ლუქსემბურგთან მატჩში. 16 წლისა ვიყავი, თურქულ “ულქერში” ვთამაშობდი. ნაკრების წევრთაგან ბევრს არ ვიცნობდი. უფრო მართალი ვიქნები, თუ ვიტყვი: მხოლოდ ორ კალათბურთელს ვიცნობდი კარგად – ნიკა ცქიტიშვილსა და კახა შენგელიას“, – ასე იხსენებს სანაკრებო დებიუტს ზაზა ფაჩულია, რომელმაც ეროვნულ გუნდთან ერთად სამ ევრობასკეტზე ითამაშა.
კარიერა ევრობასკეტი 2017-ის დასრულებასთან ერთად დაამთავრა სიტყვებით:
„ისევე როგორც ახალგაზრდულ ასაკში, ბოლომდე მონდომებით, გულით ვეკიდებოდი თითოეულ ვარჯიშს, თითოეულ შეკრებას, თითოეულ თამაშს. კარგად მესმის, რომ ნაკრებში თამაში არ არის პირადული, საკუთარი მიზნებისთვის… ეს არის ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის.
ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივიც იყო და მოვალეობაც. იქ ხომ ახალგაზრდული ასაკიდან ვთამაშობდი და მეორეც – გუნდის კაპიტანი ვიყავი. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის, ნდობისთვის, სიყვარულისთვის და კრიტიკისთვისაც, რადგან ამან უკეთეს ადამიანად მაქცია, მეტი სტიმული მომცა“.
ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძეს ოთხი შვილი ჰყავთ. უფროსი, დათუნა დაიბადა 2008 წლის 9 ოქტომბერს, საბა – 2009 წელს, მარიამი – 2012 წელს, ნუცა – 2017 წლის სექტემბერში, მაშინ, როცა მამამისი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტზე იყო.
ზაზასთან პირველ შეხვედრას ასე იხსენებს თიკა ალავიძე:
„ანსამბლ „სუხიშვილებში“ ვცეკვავდი. მახსოვს, მცხეთაში გვქონდა კონცერტი, რომელსაც ზაზაც დაესწრო. აღმოჩნდა, რომ გვყავდა საერთო მეგობარი, რომელმაც მითხრა – ზაზას შენი გაცნობა უნდაო და კულისებში შემოიყვანა. ეს იყო ჩემი და ზაზას პირველი შეხვედრა. ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ პერიოდის მანძილზე მას იშვიათად ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ მასთან აშშ-ში უნდა ჩავსულიყავი, დაურეკა მამაჩემსაც და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა“.
რეჟიმი, პრინციპულობა, შრომისმოყვარეობა… მხოლოდ სპორტსმენებს კი არა, ზაზა ფაჩულიას შვილებსაც მოეთხოვებათ. მოვუსმინოთ ზაზა ფაჩულიას:
„მიუხედავდ იმისა, რომ ბავშვებმა ქართული ძალიან კარგად იციან, ბოლო დროს შევატყვეთ, რომ ერთმანეთში დაიწყეს ინგლისურად ურთიერთობა, ამიტომ ეს ყველაფერი დიდხანს რომ არ გაგრძელებულიყო, შემოვიღეთ ასეთი წესი – როდესაც შინ შემოდიან, არ აქვთ უფლება, ისაუბრონ ინგლისურად, რადგან სხვანაირად ქართულ ენას ვერ შევინარჩუნებთ. როდესაც საქართველოში ჩამოვლენ, გაუჭირდებათ. მათ ძალიან უყვართ საქართველო და როდესაც სადმე მოგზაურობას ვგეგმავთ, ყოველთვის საქართველო ურჩევნიათ“.
გადავშალოთ 2008 წლის 29 აპრილის ამერიკული გაზეთი „ატლანტა კონსტიტუშენი“:
„NBA-ს პლეი ოფის პირველი ტურის მეოთხე მატჩამდე “ჰოქსსა” და “სელტიკსს” თანაბარი ძალის გუნდებად არავინ თვლიდა, მაგრამ ბოლო თამაშმა ბევრს აზრი შეაცვლევინა. ზაზა ფაჩულიასა და კევინ გარნეტის შეხლა-შემოხლამაც ნათლად დაგვანახა, რომ ჯორჯიელები არაფრის დამთმობები იყვნენ.
მერვედფინალური სერიის მეოთხე დაპირისპირებისას, დიდ შესვენებამდე 7:24 წუთით ადრე “ბოსტონის” ფარზე ბურთისთვის ბრძოლისას გარნეტმა ზაზას მკერდში იდაყვი უთავაზა. ქართველმა ცენტრმა საპასუხოდ შეძახილითა და თავით გაიწია მეტოქისკენ. ვიდრე ზაზა და გარნეტი საქმეს არჩევდნენ, ატლანტელმა ჯო ჯონსონმა და ბოსტონელმა სემ კასელმა ორჯერ მოასწრეს წაკინკლავება. შესაბამისად, ფაჩულიასა და გარნეტის დარად, მათაც ტექნიკური შენიშვნები მიიღეს”.
ეს იყო ამბავი, რომლითაც NBA-ს სამყარომ კარგად გაიცნო ზაზა ფაჩულია. იგი გარნეტთან ჩხუბს ასე გამოეხმაურა:
„იდაყვი ჩამარტყა და იმ მომენტში გავცხარდი. გარნეტისკენ რომ გავიწიე, დარბაზში შეკრებილი 20 ათასი გულშემატკივარი ჩხუბისკენ მომიწოდებდა. ერთადერთი, ვინც „არას“ ყვიროდა, ჩემი მეუღლე იყო. საბოლოოდ, ხელჩართულ ჩხუბამდე საქმე არ მისულა. მთავარი კი ისაა, რომ ის მატჩი მოვიგეთ. გარნეტთან დაპირისპირებამ დიდი გამოხმაურება იმიტომაც ჰპოვა, რომ ინციდენტი პლეი ოფში, თანაც მოედნის ცენტრში მოხდა და ყველა კამერა ჩვენკენ იყო მომართული. NBA-ს მატჩებს კი მილიონობით ადამიანი უყურებს“.
ზაზა ფაჩულია 14 წლისა იყო, საქართველოს დატოვება რომ მოუწია. 1990-იან წლებში უმაღლესი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის სხვა გზა არ იყო – ნიჭიერი ახალგაზრდა საქართველოს ფარგლებს გარეთ უნდა გასულიყო.
„10 თებერვალს დაბადების დღე მქოდა, 13-ში კი სტამბოლში გავფრინდი. 14 წლის ბიჭისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ახალ გარემოსთან შეგუება. მართალია, თურქეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა, მაგრამ ერთი კულტურული არეალიდან მეორეზე გადასვლა გამიჭირდა. იქ თავიდან ყველაფერი უცნაური იყო. სტამბოლი 13-მილიონიანი დიდი ქალაქია, გზაჯვარედინია ევროპასა და აზიას შორის, სავსეა მანქანებით, საცობებით… თავისუფალი დრო საერთოდ არ მქონდა – ვარჯიშსა და სწავლას ერთმანეთს ვუთავსებდი. ასე გავატარე რამდენიმე წელიწადი. ბოლოს და ბოლოს შევეგუე და დღეს, თუ შესაძლებლობა მაქვს, სტამბოლში ყოველთვის სიამოვნებით ჩავდივარ”, – იხსენებს ზაზა.
ზაზა ფაჩულიამ „ულქერში“ 13-ით დაიწყო და 13-ით დაამთავრა. იგი ულქერელთა შემადგენლობაში ბოლო, 2002-03 წლების სეზონში ევროლიგაზე მე-13 ნომერი იყო. „13-ით დაიწყოში“ კი 13 თებერვალი იგულისხმება – სწორედ ამ დღეს შედგა თინეიჯერი ქართველის დებიუტი „ულქერის“ მთავარ გუნდში. ეს 2000 წელს „კონიასთან“ 61:53 მოგებულ მატჩში მოხდა.
2015 წლის მარტში ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა „მილუოკი ბაქსის“ მაისურით ისტორიული მატჩი ჩაატარა. „ბრუკლინ ნეთსთან“ თამაშში მის ანგარიშზე შეტევაში 18 მოხსნა დაფიქსირდა, რაც NBA-ის რეკორდია. იდენტური შედეგი მხოლოდ დენის როდმანსა და ჩარლზ ოუკლის აქვთ.
ზაზას სრული სტატისტიკა ბრუკლინთან მატჩში: 22 ქულა (თამაშიდან 16-დან 9), 21 მოხსნა (18 შეტევაში), 7 პასი.
ზაზა ფაჩულია ნაკრებში 7-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.
„შვიდიანი პატარაობიდან მიყვარს. ნაკრებშიც მე-7 ნომერი ვიყავი და მსურდა, „ორლანდო მეჯიქშიც“ შვიდიანით მეთამაშა. მაგრამ…
„მეჯიქის“ 7-ნომრიანი მაისურა 2003-04 წლების სეზონში ხორვატ გორდან გირიჩეკს ეცვა. მისი დათმობა არც უფიქრია.
„არ მახსოვს, ზაზას 7 ნომერთან დაკავშირებით რამე ეთქვას, – გვითხრა გირიჩეკმა 2015 წელს ევრობასკეტის მსვლელობისას, – არადა, ამერიკაში ნომრების ყიდვა-გაყიდვა ჩვეულებრივი ამბავია. თუ ერთ კალათბურთელს მეორის ნომერი სურს, შეუძლია, დაელაპარაკოს და გარკვეულ ფასად შეიძინოს. ოღონდ მე ასეთ გარიგებებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია“.
არც ზაზას:
„7-იანი მაისურა გორდან გირიჩეკს ეკუთვნოდა, ამიტომ 27-ე ნომერი ავირჩიე. მას მერე ამერიკაში 27 ვარ, ევროპაში – 7. ისე კი ციფრებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარი ის კი არ არის, რა გაწერია ზურგზე, არამედ ის, როგორ თამაშობ. სხვათა შორის, ევროლიგაზე ტურის საუკეთესო კალათბურთელად რომ ამირჩიეს, 13-ნომრიანი მაისური მეცვა“.
საინტერესო დამთხვევა – NBA-ში ზაზა ფაჩულიას რეკორდი 27 ქულაა (2007 წელი, „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ).
1997 წლის 3 დეკემბერს ვახტანგ ნაცვლიშვილმა თბილისში თურქეთთან მატჩი კინაღამ მარტომ მოიგო – 33 ქულა მოაგროვა. ამ რეკორდმა თითქმის 9 წელი „იცოცხლა“, ვიდრე ზაზა ფაჩულიამ 2006 წლის 13 სექტემბერს ფინეთის ცივ დედაქალაქში კალათები არ გადაახურა – 36 ქულა ჩააგდო.
„36 ქულის მოგროვება გამახარებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავიმარჯვებდით. მთავარია არა ინდივიდუალური სტატისტიკა, არამედ ნაკრების წარმატება“, – თქვა ზაზამ ფინეთთან 81:91 წაგებული მატჩის შემდეგ.
მასპინძლები ზაზას თავისუფლად თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ – ერჩივნათ, ჯარიმები აეღოთ, ვიდრე ქართველისთვის სროლა დაენებებინათ. ფაჩულიამ თავისუფალი ტყორცნები მაღალი შედეგიანობით ისროლა – 24-დან 22 გამოიყენა. მისმა მცველებმა, ნიიკილამ და მოტოლამ 5-5 ფოლი მიიღეს.
მოგვიანებით, 2017 წელს ფაჩულიას რეკორდი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა გაიმეორა. მანაც 36 ქულა ჩააგდო.
2003 წლის NBA-ის დრაფტზე ზაზა ფაჩულია „ორლანდო მეჯიქმა“ 42-ე ნომრად აირჩია. ისიც და ქართველი გულშემატკივრებიც პირველ წრეში აყვანას ელოდნენ…
„დრაფტამდე ქართველ ჟურნალისტებსაც ველაპარაკე და ყველამ იცის, საღამოს 7 საათს როგორი ხალისით ვხვდებოდი. თუმცა დრაფტის დაწყების შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა და მეც დავიძაბე. ვერ მოვიტყუები, ავნერვიულდი-მეთქი, მაგრამ გაოგნებული შევყურებდი მოვლენათა განვითარებას.
დრაფტზე ბევრი უცნაური ამბავი მოხდა, პირველ წრეში ზოგი ისეთი აირჩიეს, წინასწარ მათზე კრინტიც რომ არავის დაუძრავს. ზოგს პირიქით, დაჰპირდნენ და არ შეასრულეს. ამერიკელები ბევრ რამეში შეცდნენ. გული ძალიან დამწყდა? დამწყდებოდა, აბა, რა იქნებოდა?! ახლაც მიმაჩნია, რომ პირველ წრეში არჩევას ვიმსახურებდი. არ გეგონოთ, საკუთარ შესაძლებლობებს გადამეტებულად ვაფასებდე, ბევრი სპეციალისტი ფიქრობდა ჩემსავით”, – გვითხრა ფაჩულიამ დრაფტის ღამეს.
2003 წლიდან 2019-მდე მან ითამაშა „ორლანდოში“, „მილუოკიში“, „ატლანტაში“, „დალასში“, „გოლდენ სტეიტსა“ და „დეტროიტში“.
NBA-ში მან 1171 თამაში გამართა.
2016 და 2017 წლების NBA-ს „ოლ სტარის“ გამოკითხვისას მიმომხილველები ყველაზე მეტად ფაჩულიას გვარს ახსენებდნენ, უკვირდათ, როგორ ახერხებდა იგი დემარკუს კაზინსსა თუ ენტონი დევისზე მეტი ხმის მოგროვებას.
ქართველი გულშემატკივრების საოცარი მონდომების წყალობით, ზაზამ 768 112 ხმა მოაგროვა და სულ ცოტა დააკლდა დასავლეთ კონფერენციის ხუთეულში მოსახვედრად. კავაი ლეონარდმა მას 14 228 ხმით აჯობა. ფაჩულიამ ნოვიცკისა და დანკანს გადაასწრო.
მომდევნო წელს NBA-ის ვარსკვლავთა მატჩის გამოკითხვის წესები შეიცვალა. ამის მიზეზი 2016 წელს ზაზა ფაჩულიას 768 112 ხმაა.
„ჩვენ, ქართველებმა „ოლ სტარის“ წესები შევცვალეთ. 2016 წელს მართლაც ცოტა დამაკლდა. ეს უკვე გამარჯვება იყო, რადგან სწორედ ამ შემთხვევის გამო, მომდევნო სეზონის წინ კომისარი ადამ სილვერი და NBA-ის ხელმძღვანელობა შეიკრიბნენ და წესებში ცვლილებები შეიტანეს. თუ აქამდე მხოლოდ ფანებზე იყო დამოკიდებული, ამჯერად ხმების მეორე ნახევარი კალათბურთელებს, მედიასა და მწვრთნელებს ეკუთვნით“, – აცხადებს ზაზა.