Rheinmetall-მა გერმანიაში ევროპის საბრძოლო მასალის უდიდესი ქარხანა გახსნა
Rheinmetall-მა გერმანიაში ევროპის საბრძოლო მასალის უდიდესი ქარხანა გახსნა

გერმანულმა კომპანიამ, Rheinmetall-მა გერმანიის ჩრდილოეთში, უნტერლუსში საბრძოლო მასალის წარმოების ქარხანა საზეიმოდ გახსნა.

ქარხანა 30 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს იკავებს და 2027 წლისთვის წლიურად 350 ათას საარტილერიო ჭურვს აწარმოებს.

მედიის ინფორმაციით, ქარხანა უკვე აწარმოებს Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის განკუთვნილ ჭურვებს, რომლებსაც უკრაინის არმია იყენებს.

გახსნის ცერემონიის დროს კონცერნის ხელმძღვანელმა, არმინ პაპერგერმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუმინეთის ეკონომიკის მინისტრთან ამ ქვეყანაში ქარხნის აშენების შესახებ.

ქარხნის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ნატო-ს გენერალური მდივანი. მარკ რუტეს თქმით, ბოლო ორ წელიწადში ევროპაში საბრძოლო მასალის წარმოება ექვსჯერ გაიზარდა.

„ეს აბსოლუტურად კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ასევე უკრაინის მხარდაჭერისთვის მის დღევანდელ ბრძოლაში და ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეკავებისთვის“, – განაცხადა მარკ რუტემ.