რეზო ჩელებაძე - ქვეყანას უჭირს და ძლიერი გუნდების ჩამოყალიბება ამიტომ ჭირს
რეზო ჩელებაძე - ქვეყანას უჭირს და ძლიერი გუნდების ჩამოყალიბება ამიტომ ჭირს

„ახლა საქართველოს უჭირს და ილუზიებით ცხოვრება არ წაგვადგება. უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი პირობებში ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება ძალიან რთული იქნება“, – ამბობს ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი რევაზ ჩელებაძე.

ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, ქართული საკლუბო დონის დაქვეითება შემთხვევითი არაა.

„ახლა ქვეყანას უჭირს, ეკონომიკა კარგად არაა განვითარებული და ბრძოლაა გადარჩენისთვსის, რომ ტერიტორიები კიდევ არ წაგვართვან, ქვეყანა გადარჩეს და სოციალურად გაჭირვებულებს ცხოვრება ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ. რეალობას თვალი უნდ გავუსწოროთ და ვაღიაროთ – ასეთ პრიობებში ფეხბურთის მოთხოვნების დაკმაყოფილება არც ქვეყანას შეუძლია და არც – ბიზნესს. ხელისუფლებამ ფეხბურთის განვითარების პროგრამა დაამტკიცა, სახეობა ელემენტარულად რომ გადარჩეს. მეტის საშუალება კი სახელმწიფოს არ აქვს“, – აცხადებს ჩელებაძე.

რევაზ ჩელებაძე მიიჩნევს, რომ ფეხბურთის თანადგომის რესურსი არც ბიზნესს გააჩნია: „ბიზნესს ქართული საკლუბო ფეხბურთის თანადგომის არც რესურსი აქვს და არც აინტერესებს. ვისაც ფეხბურთი უყვარს, კლუბებში მივიდა, მაგრამ თბილისის და ბათუმის „დინამოს“, „საბურთალოს“ და „ლოკომოტივის“ მეპატრონეების ლანძღვის გარდა რამე გსმენიათ? ეს ხალხი რომ წავა, მერე ფარერების გუნდთან წაგება ყოველდღიურობა გახდება და მიხვდებით, რომ ეს ადამიანები არიან, ვინც ამ მძიმე დროს გუნდები გადაგვირჩინა. თორემ შედეგები რომ არ არის, ამას სხვებზე მეტად ვხედავ და განვიცდი. მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფიფიას „დინამოს“ 1:6 წაგებაზე რეაქცია არ ჰქონდა, არ შერცხვა და არ განიცადა, ძალიან ცდება. მან დიდი ფული ჩადო და შედეგი არაა“.