„რევისტა22“ - „რაგბი ევროპა“ საკლუბო ტურნირს ქმნის და მასში ქართული გუნდიც ითამაშებს #1TVSPORT
„რევისტა22“ - „რაგბი ევროპა“ საკლუბო ტურნირს ქმნის და მასში ქართული გუნდიც ითამაშებს #1TVSPORT

ესპანურ გამოცემა „რევისტა22“-ის (revista22) მიხედვით, „რაგბი ევროპა“ 2021/22 წლების სეზონიდან ახალი საკლუბო ტურნირის შექმნას აპირებს და მასში ესპანეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, რუსეთის, ბელგიის და ნიდერლანდების გუნდების გარდა ქართული კლუბიც მიიღებს მონაწილეობას.

ცნობილია ინფორმაცია ტურნირის ფორმატის შესახებ – ჩამოთვლილი ქვეყნების შვიდ გუნდს ერთი „ველური ბარათით“ (Wild Card) დაემატება და რვა გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება. გათამაშება 18 სექტემბერს აიღებს სტარტს და ჯგუფური ეტაპი 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება პლეიოფს, თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას 16-17 აპრილს, ნახევარფინალური ეტაპიდან განაგრძობს. ფინალი, სავარაუდოდ, რვა მაისს გაიმართება.

ესპანელები ტურნირის სამომავლო გეგმებზეც წერენ – გათამაშების ორგანიზატორების სურვილია, რომ მონაწილეთა რაოდენობა რვიდან 12-მდე, შემდეგ კი 16-მდე გაიზარდოს. მათი მიზანი მონაწილე ქვეყნებში სპონსორების დაინტერესება და სრულად პროფესიონალური კლუბების ჩამოყალიბებაა, რომლებიც მაღალ დონეზე იასპარეზებენ და სამომავლოდ წამყვანი ევროპული ქვეყნების გუნდებს გაუწევენ კონკურენციას.

საგულისხმოა, რომ გავრცელებული ცნობების მიხედვით პირველი სეზონის ხარჯებს თავად ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაცია იღებს საკუთარ თავზე – „რაგბი ევროპა“ კლუბებს 300,000 ევროს გამოუყოფს. სპონსორთა შესაძლო დაინტერესების შემთხვევაში ორგანიზაცია დაფინანსების გაზრდას აპირებს. ცხადია, რომ მონაწილე გუნდებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ. კერძოდ, მატჩები გაიმართება სტადიონებზე, რომლებზეც მინიმუმ ხუთი ათასი მაყურებელი ეტევა, მნიშვნელოვანია სატელევიზიო ტრანსილაციების ხარისხი და ა.შ. „რაგბი ევროპა“ ითხოვს იმასაც, რომ ტურნირზე ქვეყნების ჩემპიონებმა, ან ფრანჩიზამ მიიღოს მონაწილეობა.

აღნიშნული ინფორმაცია თავად „რაგბი ევროპას“ ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა უცხოურ პრესაში ვარაუდობენ, რომ ორგანიზაცია ტურნირს უახლოეს მომავალში დააანონსებს.