რევაზ თელია-კარანაძე – ბევრს გაუხარდა სერბეთში სტუდენტური მოძრაობის გამარჯვება, მათ აქციებზე პროგრამა მაინც დაწერეს, ჩვენთან შინაარსობრივ ნაწილამდე არ მიდის საუბარი

00:36, 28.10.2026

მე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ვემხრობი აბსოლუტურად და ვფიქრობ, ძალიან დაგვიანებულიც არის ეს თემა, თუმცა ვერ ვიგებ, მაგალითად, გახარიას პარტია საერთოდ რატომ მოხვდა ხუთეულში, – ამის შესახებ პოლიტ-ეკონომისტმა, რევაზ თელია-კარანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

„რა პოლიტიკურ კონიუნქტურებში და როგორ კეთდება, ესეც ცალკე საქმეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც 2011-2012 წლებში მე პირადად უნივერსიტეტში მდევნიდა, დაკითხვაზე მარცხენა ხელი რომ დამიმტვრიეს და ეს ოფიცერი მერე შვედეთმა შეიფარა, მემუქრებოდნენ კიდევ, რომ ათას ძალადობას განახორციელებდნენ ჩემი ოჯახის წევრებზე და ა.შ. ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა და ჩემზე ასჯერ და ათასჯერ უარესი პირადი გამოცდილება აქვთ ადამიანებს, რაც მათი ძალადობრივი რეჟიმის დროს მოხდა საპატიმროებში და ა.შ. თუმცა ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა, როგორც ასეთი და მათი უდიდესი დანაშაული არ არის მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ძალადობრივი რეჟიმი, ეს არის ზოგადად მთელი ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, რამაც საქართველოში გაზარდა უთანასწორობა, გააღარიბა ჩვენი ქვეყანა და მოახდინა იმ საზოგადო სიკეთეების პრივატიზება, რაც იყო ხალხის ხელში, განსაკუთრებით, რაც მოუვიდა პრევენციულ ჯანდაცვას, როდესაც პრევენციული ჯანდაცვა მთლიანად გადაიქცა დღევანდელ დღეს კერძო სექტორის ნაწილად და ბანკები შემოვიდნენ ამაში“, – განაცხადა თელია-კარანაძემ.

მისი თქმით, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, რომლებიც თავიდან ბოლომდე არის უდიდესი გამოწევა დღევანდელ დღეს საქართველოში, სწორედ რომ განპირობებული იყო რადიკალი მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც ერქვა „ბენდუქიძიზმი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მის აკრძალვაზე თუ მიდის საუბარი, აუცილებელია ამის განხილვაც.

„ძალიან საწყენი იქნება, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ და ისევ ვერ გაიაზრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მხოლოდ ფიზიკურად მოძალადე პარტია, ეს იყო სოციალურად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოძალადე რეჟიმი, რომელმაც საქართველო გადააქცია აბსოლუტურად აშშ-ის და სხვა დასავლური ძალების ნეოკოლონიად. ჩვენ ვგზავნიდით ჩვენს ბიჭებს ხარკად სხვა ქვეყნების ოკუპაციაში მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნურმა პოლიტიკამ გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის გაძლიერება სამაჩაბლოში, აფხაზეთის უფრო მეტი დევნილი ჩვენ ქვეყანაში და ის, რომ, საბოლოო ჯამში, რუსეთმა აღიარა ეს ტერიტორიები. ეს იყო დიდი შეცდომა, რაც მათ დაუშვეს“, – განაცხადა თელია-კარანაძემ.

მისივე თქმით, ძალიან რთულია, ერთი და იგივე შეცდომებს უშვებდე, ერთი და იმავეს აკეთებდე წლების მანძილზე, აქედან შედეგს არ იღებდე და ისევ იგივე წრეზე დადიოდე, აქედან გამომდინარე კი, ოპოზიციას ან არ უნდა სწავლა, ან უბრალოდ, სხვა ხედვა არ აქვს.

„ძალიან ბევრს გაუხარდა, სერბეთში როგორ გაიმარჯვა რაღაც სტუდენტურმა მოძრაობამ, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ იყო შინაარსობრივი დაპირისპირება, მათ შორის, ევროკავშირთან, რადგან ვუჩიჩს ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა, რომ მისგან ევროპას უნდოდა იაფი ლითიუმის მასალის და საბადოების მიღება სერბეთიდან. ამავდროულად, არ დაგვავიწყდეს, მიუხედავად იმისა, ჩვენთან მედასავლეთეებს ვუჩიჩი მონათლული ჰყავთ რაღაც პრორუსულ პოლიტიკოსად, ის ასევე ვაჭრობდა იარაღითაც, როგორც ისრაელთან, ისე უკრაინასთან. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ცოტა რთულია, ქართულ კონტექსტში ეს გადმოითარგმნოს. იმ ადამიანებმა ორი წლის მანძილზე აქციებზე ელემენტარული პროგრამა მაინც დაწერეს და ალტერნატივა შესთავაზეს ხალხს, შინაარსობრივი ნაწილი, ჩვენთან კი შინაარსობრივ ნაწილამდე საერთოდ არ მიდის საუბარი. 2016 წლიდან იბრალებენ, რომ იგებენ არჩევნებს, მაგრამ აშკარად ვერ იგებენ. თან, სახეებიც არ იცვლება. მაგალითად, პროკურორ გვარამიას რომ ვხედავ, იქ მე ფეხს არ დავდგამ, ხომ? ესეც პრობლემურია და თან, არაფერს ახალს არ სთავაზობენ“, – განაცხადა თელია-კარანაძემ.

მსგავსი