რევაზ სოხაძე - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანია თანამედროვე და უსაფრთხო საგზაო ქსელის შექმნა. ამისთვის მომდევნო წლებშიც განხორციელდება არაერთი სტრატეგიული პროექტი,“ – აღნიშნა მინისტრმა.
სოხაძის თქმით, იგეგმება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ოთხ ლოტადაა დაყოფილი. სატენდერო პროცედურები მეორე და მესამე ლოტებზე დაიწყება 2025 წელს, ხოლო მეოთხე და მეხუთე ლოტებზე – 2026 წელს. სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2026–2027 წლებში.
მინისტრის განცხადებით, ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანი ორ ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობის დაწყება 2026 წელს იგეგმება. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი საზედამხედველო კომპანიის შერჩევაზე, ხოლო სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება 2025 წლის ნოემბერში. ასევე, დაგეგმილია ქობულეთის შემოვლითი გზის 31 კმ-იანი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება, რომელიც, სავარაუდოდ, 2027 წელს დაიწყება.
როგორც სოხაძემ აღნიშნა, იგეგმება სამტრედია-ზუგდიდის 75.7 კმ-იანი მონაკვეთების დეტალური პროექტის მომზადება.
2027 წლიდან დაიწყება ბადიაური–ბაკურციხის 31.7 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს შესაბამისი გეგმების განახლება. იგეგმება აგრეთვე გურჯაანი-თელავის 36.6 კმ-იანი და წნორი-ლაგოდეხის 40.4 კმ-იანი მონაკვეთების პროექტირება.
ჩრდილოეთის მიმართულებით, ნატახტარი-ჟინვალის 26.8 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის, ასევე არშა-სტეფანწმინდისა და ფასანაურის შემოვლითი გზების მშენებლობა 2027 წლიდან დაიწყება.
მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს თბილისის გასასვლელის დეტალური პროექტირება. დაგეგმილია მაგისტრალის გორამდე 6-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური პროექტის მომზადება და თბილისის სამხრეთ შემოსავლელის მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.
„ეს პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანსპორტო ქსელს, ხელს შეუწყობს რეგიონული კავშირების გაძლიერებას და ეკონომიკური პოტენციალის ზრდას“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.