რევაზ სოხაძე – მომდევნო ხუთ წელში ქვეყნის ძირითადი მაგისტრალური გზების მშენებლობის დასრულება იგეგმება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მომდევნო ხუთ წელიწადში დაგეგმილია ყველა იმ ძირითადი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება, რომლებზეც სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ან უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მინისტრის თქმით, უახლოეს თვეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებაა დაგეგმილი, რომლებიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და შიდა მობილობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
„იანვარ-თებერვალში, სავარაუდოდ, დაიწყება სარფის მიმართულებით დაახლოებით რვაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც გონიოსა და მიმდებარე ტურისტულ ტერიტორიებს სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთავს. უახლოეს თვეებში დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობაც, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნისთვის, ისე დედაქალაქში სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვისთვის“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია კახეთის მაგისტრალის ბადიაური-ბაკურციხის მონაკვეთების, რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მიმართულებების, ასევე გურჯაანი-თელავისა და წნორი-ლაგოდეხის გზების სამშენებლო სამუშაოების დაწყება. ბადიაურის მიმდინარე მონაკვეთის დასრულება კი მომავალი წლის ზაფხულისთვის იგეგმება.
რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ქართული სამშენებლო კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქართული კომპანიები იყვნენ ჩართული, მათ შორის, საერთაშორისო პროექტებში. ეს მნიშვნელოვანია დასაქმების, ცოდნისა და გამოცდილების შეძენის თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, ქართულმა კომპანიებმა ისეთი გამოცდილება და შესაძლებლობები შეიძინონ, რომ მომავალში სხვა ქვეყნებშიც შეძლონ რთული საინჟინრო პროექტების განხორციელება“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მომდევნო ხუთი წლის შემდეგაც გაგრძელდება, რათა ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნამ ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.