რევაზ სოხაძე – ბოლო წლებში საქართველომ დაამტკიცა, რომ არის უსაფრთხო ზონა სატრანზიტო ტვირთებისთვის, გადაადგილებისთვის და ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით გააუმჯობესებს მდგომარეობას

16:13, 09.09.2026

გამარჯვებულ კომპანიასთან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას მოეწერა ხელი. ეს არის ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთი, რომელიც მოიცავს 7,6-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობასაც. აღნიშნული გვირაბი საქართველოში იქნება სიდიდით მეორე კობი-ქვეშეთის გვირაბის შემდგომ, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნისთვის ეს არის გზის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი როგორც სატრანზიტო, ისე აჭარაში ტურისტული მიმართულებით.

„გონიო-კვარიათის მიმართულებით მოძრაობა სრულად განიტვირთება, ხოლო საგზაო დეპარტამენტი და ადგილობრივი ხელისუფლება ტერიტორიას ერთად მოვაწესრიგებთ, რომ ტურისტულ ზონად გადაიქცეს. დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა სატრანსპორტო კუთხით. კონტრაქტით გათვალისწინებულია ოთხწლიანი ვადა. იმედი გვაქვს, ზუსტად ოთხ წელიწადში დასრულდება ეს პროექტი. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ყურადღება ხარისხსა და პროექტის დროულად დასრულებასთან მიმართებით. სამინისტრო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს, მათ შორის მეც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელიც“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, აქტიური სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, უკვე წელს დაიწყება.

„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ საკმაოდ დატვირთული წელი გვექნება, ასევე მომავალი წელიც, ახალი პროექტების დაწყების კუთხით. საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყება. ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობა უნიკალურია, ის არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, თუმცა მნიშვნელოვანია, გეოგრაფიულ მდგომარეობასთან ერთად, ინფრასტრუქტურა განვავითაროთ ისე, რომ ყველა მიმართულებით იყოს ხელსაყრელი, კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილება. ვფიქრობ, ბოლო წლებში საქართველომ დაამტკიცა, რომ არის უსაფრთხო ზონა სატრანზიტო ტვირთებისთვის, გადაადგილებისთვის. ჩვენი ქვეყანა კიდევ გააუმჯობესებს მდგომარეობას, განხორციელდება რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის — ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. 11.3 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობაზე ხელი China Railway Tunnel Group Co. Ltd-თან (CRTG) შოეწერა.

მსგავსი