ოპოზიცია იმ პრობლემებზე და გამოსავლებზე არ გვთავაზობს ალტერნატივას, რაც ჩვენს საზოგადოებას დაეხმარება. შინაარსობრივი კრიზისია ოპოზიციაში, რადგან თავიდან ბოლომდე არის გაბანკროტებული, – ამის შესახებ პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
მისი თქმით, სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის მორიგ გაერთიანებას.
„რაც შეეხება გაერთიანებას, არაერთხელ გვინახავს ეს, ზოგადად გაერთიანება რაღაცის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად ალტერნატიული დღის წესრიგის შემოთავაზებას, რაც დაეხმარება ქვეყნის განვითარებას, მათ შორის, გაერთიანებასაც. საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ ამ მორიგ გაერთიანებას, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს. მე არ ვიტყოდი ოპოზიციას, რადგან ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში არის განსხვავებული და მრავალფეროვანი. არიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აღარ უერთდებიან, მაგალითად, ამ კონკრეტულ გაერთიანებას. ძირითადად ეს განპირობებული არის ოფიციალურად გეოპოლიტიკური ან საგარეო პოლიტიკის არჩევანით, როგორც ისინი თავად განსაზღვრავენ ამას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისევ უშვებენ იმავე შეცდომებს, მოჰყავთ იგივე სახეები, რომლებიც საკმაოდ არაპოპულარული არიან და მძიმე წარსული აქვთ. რაც ყველაზე მთავარია, იმ პრობლემებზე და იმ გამოსავლებზე არ გვთავაზობენ ალტერნატივას, რაც ჩვენს საზოგადოებას წინ წასვლაში დაეხმარება.
როდესაც დაიწყო დებატები, რასაც ძალიან მივესალმები, საზოგადოებრივ მაუწყებელზე თუ ნებისმიერ არხზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კონკრეტულად პოლიტიკურ დღის წესრიგში შევიდოდა ცვლილებები. მაგალითად, განათლების საკითხზე როცა იყო დებატები ტელეკომპანია „იმედზე“, მთავრობის მოწინააღმდეგეებს, ვინც იყვნენ კრიტიკულად განწყობილნი, ჰქონდათ საშუალება, უფრო სიღრმისეულად შესულიყვნენ საკითხში. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საჭირო ფაკულტეტებზე, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, არსებული სისტემა ვერ არეგულირებს მოცემულობას და საჭირო ფაკულტეტებზე გვაქვს ნაკლებობა, მაგალითად, საექთნო საქმეზე, და გვყავს უფრო მეტი იურისტი. პრემიერმა თქვა, რომ 977 ადგილი არის საექთნო და დამხმარე საქმეზე, მაგრამ მხოლოდ 46 აბარებსო. ნაცვლად იმისა, რომ დაესვათ კითხვა, რატომ აბარებს 46, რა არის ამის მიზეზები, მიზეზები ხომ არ არის ის, რომ, მაგალითად, ძალიან დაბალი ხელფასებია საექთნო საქმეში; პოპულარულია და ხალხი აბარებს იურიდიულზე გამომდინარე იქიდან, რომ ჰგონიათ, დასაქმების პერსპექტივა არის ამ კუთხით, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები არავის არ ადარდებს.
არავინ, მათ შორის იმ განათლების ექსპერტებმა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ეპაექრებოდნენ და ევროკავშირის დროშას აქნევენ, არც იცოდნენ, რომ საქართველოში 2024 წლამდე იყო ადგილები, სადაც ექთნის ხელფასი იყო 144 ლარი. არავის არ ადარდებს, მაგალითად, მაღაროელთა შრომის პირობები.
ხალხი ამას როცა უყურებს, საბოლოო ჯამში, ხედავს, რომ დღის წესრიგი ისევ და ისევ დადის საგარეო პოლიტიკამდე. ის არ აისახება მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. საგარეო პოლიტიკაში ხედავენ, რომ, სამწუხაროდ, იმ ძალებმა, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ თავს პროგრესულებად, შეიძლება, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანონ.
მხოლოდ მე, მე, მე მომეცი ძალაუფლება, მე უკეთესად ვმართავ. მე, მაგალითად, არ მაინტერესებს, ვინ იქნება ძალაუფლებაში, რა თქმა უნდა, დამნაშავე რეჟიმის გარდა, რადგან ეს ჩემთვის მიუღებელია. შეასრულონ ის, რაც სჭირდება ხალხს. მაგალითად, ახლა საუბარი იყო, რომ ფასებს დააკლებდნენ. ნაცვლად იმისა, რომ ალტერნატივა შეეთავაზებინა ოპოზიციას, თქვა, რომ უფრო მეტი დერეგულირება გვჭირდება და ბიზნესი მეტად უნდა გავათავისუფლოთ ვალდებულებებისგანო. მაგალითად, სავაჭრო ქსელები, რომლებიც ყოველ თვეში ახალ მაღაზიას ხსნიან და ხუთი ადამიანის ნაცვლად, ასაქმებენ ერთ ადამიანს, არავის გახსენებია, რომ ამომრჩეველი სწორედაც ის მშრომელია, რომლის შრომის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი. ვერც წარმოუდგენია გვარამიას, რომ მთავრობას ამ საკითხებზე გამოეკიდოს. შინაარსობრივი კრიზისია ოპოზიციაში, რადგან ოპოზიცია თავიდან ბოლომდე არის გაბანკროტებული, გაბანკროტებულია შინაარსისგან, რადგან თავად არის არქიტექტორი იმ ნეოლიბერალური ეკონომიკური სისტემისა, რომელიც დღეს საქართველოში ქმნის სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას“, – განაცხადა რევაზ კარანაძემ.
რევაზ კარანაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი აერთიანებს.
„ოპოზიციას აერთიანებს ის, რომ რამენაირად ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში. ეჭვი მეპარება, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე „ფედერალისტებს“, ჩერგოლეიშვილის პარტიას ჰქონდეს რამე ელექტორალური წარმატების საშუალება. აქედან გამომდინარე, გაერთიანებული არიან, რომ რამენაირად ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში და ამით აიღონ ლეგიტიმაცია გარედან. ისინი თავიდან ბოლომდე არიან ვიღაცა ბალტიისპირელი თუ ვიღაც დრომოჭმული, მეხუთეხარისხოვანი პოლიტიკოსების განცხადებებით დასავლეთიდან. თვითონაც დაიწყეს ლაპარაკი, უნგრეთის მაგალითზე რომ დავფიქრდეთო, თვითონ ხალხში დადიოდაო.
ხალხთან მათ ლეგიტიმაცია არ აქვთ ორი მიზეზის გამო – ისინი არიან მონსტრები ძალიან ბევრი ადამიანის თვალში, რადგან მე, როგორც სტუდენტი, მათ მაწამეს, არ დამავიწყდება ეს არასდროს; მეორე – არ სთავაზობენ ალტერნატიულ დღის წესრიგს და მათი ალიანსი არის დრომოჭმული. ვიცით, რომ ეგოების ჯახი წავა. ალბათ ნახეთ მესამე პრეზიდენტის განცხადება, რომელიც სასამართლოდან თავის ლიდერებს ემტერება. ათასი ასეთი არაფრის მომტანი, ისტერიული, დროის დამკარგავი ალიანსები გაერთიანდება. ვფიქრობ, გამოსავალი მარტივია – „ქართული ოცნება“ რასაც დაჰპირდა თავის ამომრჩეველს, უნდა მიიყვანოს ბოლომდე. ეს პარტიები მოგვაშოროს საერთოდ, რომ გვქონდეს ამ საკითხებზე, იდეებზე, ქვეყნის განვითარების ხედვებზე მსჯელობის საშუალება, რადგან ეს ისტერიულობა დამღლელია“, – აღნიშნა რევაზ კარანაძემ.
