რევაზ ჩომახიძე - ვამაყობ შედეგით და ვამაყობ გუნდით | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში (ვიდეო)

ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდი დრამატულ და უმნიშვნელოვანეს მატჩში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

ქართული წყალბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის დამარცხება ვერ მოახერხა და შეხვედრა მინიმალური სხვაობით დათმო.

დაძაბული მატჩი რუსების მცირე უპირატესობით წარიმართა და არერთ ეპიზოდში ქართველ წყალბურთელებს თამაშის შემოტრიალება შეეძლოთ, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 13:14 – დასრულდა.

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის კაპიტანმა დრამატული მატჩის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრეს:

რევაზ ჩომახიძე – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ამ გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. არაფერი აკლდა იმას, რომ რვა გუნდში შევსულიყავით. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ნაკლები შეცდომების დაშვება, მაგრამ ამას დღეს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. გუნდმა დადო ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლო, აჩვენეს, რომ რვა გუნდში მოხვედრას იმსახურებდნენ. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ მოხერხდა, მაგრამ ვამაყობ შედეგით და ვამაყობ გუნდით. მსაჯებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ზოგადად წყალბურთის სამყარო არ იყო მზად, რომ საქართველოს ნაკრები რვა გუნდს შორის ეხილა“.

ზურა რურუა – საქართველოს ნაკრების კაპიტანი: „ბრძოლაში ვიყავით მთელი ერთი საათის განმავლობაში. პირველ რიგში მადლობა ბიჭებს, რომ ასეთი თავდაუზოგავი შრომა ჩადეს და მივედით იმ დღემდე, რომ ეს თამაში მაქსიმალურად გვეთამაშა. ყველაფერი დავდეთ და რაღაც პატარა დაგვაკლდა. მართლაც, რომ საამაყო და მაგარი თამაში იყო. ვამაყობ ჩვენი ნაკრებით, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ძალიან დასანანია, რომ ერთი ქულა დაგვაკლდა. ჩვენი დონის გუნდი იმსახურებდა რვა ნაკრებს შორის მოხვედრას, მაგრამ ეგ არაფერი. 14:13 დავმარცხდით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ჩემი ნაკრებით ვამაყობ“.