რევაზ ჩომახიძე - ბიჭები 100 პროცენტით მზად არიან და ყველაფერი გაკეთდება, რომ წარმატებას მივაღწიოთ | ბუდაპეშტი 2020
რევაზ ჩომახიძე - ბიჭები 100 პროცენტით მზად არიან და ყველაფერი გაკეთდება, რომ წარმატებას მივაღწიოთ | ბუდაპეშტი 2020

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში დღეს, 20 იანვარს საქართველოს ეროვნული გუნდი უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. პლეიოფში გასული საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება.

თამაშის წინ საქართველოს პირველ არხთან ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ნაკრების წევრებმა ისაუბრეს.

რევაზ ჩომახიძე – ეროვნული ნაკრების წევრი: „ასეთი წარმატება ჩვენთვის პირველია და ვთამაშობთ რვა სუკეთესო გუნდში მოსახვედრად. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია და ეს ყველას აქვს გააზრებული. ბიჭები 100 პროცენტით მზად არიან და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. რუსეთი ძლიერი ნაკრებია, კარგად არის მომზადებული, მაგრამ ჩვენც მზად ვართ და ვეცდებით, სათანადო წინააღმდეგობა გავუწიოთ.“

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გახდა და რევაზ ჩომახიძე ამ საპატიო მოვლენასაც შეეხო: „ჩვენთვის ეს ძალია დიდი სტიმულია. დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა. ეს ჩვენთვის ფსიქოლოგიური დახმარებაა, როცა ასეთ სერიოზულ ტურნირზე შენი ქვეყნის და გულშემატკივრების მხარდაჭერას გრძნობ“.

ზურა რურუა – ეროვნული ნაკრების კაპიტანი: ვემზადებით რუსეთთან მატჩისთვის. მიზანი იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ბრძოლა და თავდადება, რადგან ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ჩვენი მისია შესრულებულია, საფრანგეთის ბარიერი გადავლახეთ. ახლა კი ყველა მაქსიმალურად მონდომებულები და კონცენტრირებულები ვიქნებით ამ მატჩზე. და თუ გავიმარჯვეთ, ეს იქნება ქართული წყალბურთის ისტორიაში ძალიან დიდი მიღწევა“.

ბექა ქავთარაძე – ეროვნული ნაკრების წევრი: „გუნდი, რა თქმა უნდა, საბრძოლო განწყობაზეა. საფრანგეთთან ჩავატარეთ ძალიან კარგი თამაში. შემდგომ იყო ჩავარდნები საბერძნეთთან და იტალიასთან. სწორედ ასეთ ძლიერ მეტოქეებთან ჩანს ხოლმე ჩვენი ხარვეზები. ამაზე ვიმუშავეთ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ჩვენი შეცდომები. დღევანდელ თამაშში ვეცდებით, რომ ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები და საბრძოლო განწყობით გამოვიდეთ. ეჭვი არ მეპარება, რომ თამაშის მოსაგებად ცამეტივე მოთამაშე თავს დადებს და ვეცდებით, ჩვენს ქვეყანას წარმატება მოვუტანოთ.“

ანდრია ბითაძე – ეროვნული ნაკრების წევრი: „სპორტის ყველა სახეობაში, როცა რუსეთის წინააღმდეგ არის თამაში, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ხალხიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთშეხვედრას. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ეს მატჩია. რუსეთთან აქამდეც გვითამაშია.

ბოლოს ორი წლის წინ ვითამაშეთ და ორივე გუნდი სხვა შემადგენლობით ვიყავით. მაშინ ერთი ბურთით დავმარცხდით. რაც შეეხება ახლანდელ შემადგენლობას – შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთი ძლიერი გუნდია  და ალბათ რვა გუნდში მოიაზრება. თუმცა, ჩვენი განვლილი თამაშებით თუ ვისმჯელებთ, კარგ ფორმაში ვართ, მოტივირებულები ვართ. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლო წამამდე არაფერს დავთმობთ, რადგან ასეთი შანსი აქამდე არ გვქონია, რომ რვა გუნდში მოვხვდეთ და ავტომატურად მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა“.

მიშა ბაღათურია – ეროვნული ნაკრების წევრი: „ყველას ამაღლებული განწყობა გვაქვს. ვხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაში ჩვენთვის. მოგების შემთხვევაში გავდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე. ახლა ვეთამაშებით რუსეთის ნაკრებს, მოტივაცია არ გვაკლია, საბრძოლველად მზად ვართ და თავს შევაკლავთ.

რუსეთი რეიტინგში ყოველთვის ჩვენზე წინ იყო. ბოლო შეხვედრაში, რომელიც ვითამაშეთ ფავორიტებად მოიაზრებოდნენ, მაგრამ ჩვენთან თამაში ძალიან გაუჭირდათ და მხოლოდ ერთი ქულით წავაგეთ. რომ არა მსაჯები, ჩვენ იმ თამაშს მოვიგებდით. ახლა გვაქვს რევანშის შანსი და ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და თავს ნამდვილად არ დავზოგავთ“.

მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი