რევაზ არველაძე - სულ ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკი მიუღებელია, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს და ისევ ბოლო ადგილზე არ უნდა გახვიდე #1TVSPORT
რევაზ არველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ ახალი სეზონის პირველ გადაცემაში ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ილაპარაკა. ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, შედეგები თუ არ იქნება, მხოლოდ ინფრასტრუქტურით თავის მოწონება გამართლებული არაა.
– 80 პროცენტი ჩვენს მთავარ პრობლემაზე არ ლაპარაკობს ან არ იცის, რა არის პრობლემა. ახლა დაიწყებენ ლაპარაკს სანიოლის წასვლაზე, ანალიზი კი არ კეთდება. უმრავლესობა იმასაც ვერ იტყვის, აზაროვი რა პოზიციაზე თამაშობდა. მე კი არავის ვაძაგებ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. ამ თემების ანალიზს 20 წუთი მაინც უნდა დავუთმოთ.
– ერთა ლიგის პირველ ციკლში საქართველოს ნაკრების წარმატება ხომ ბუნებრივია. ამ ტურნირის ფორმატმა ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე იოლი გზით მოხვედრის შანსი გაუზარდა. უფრო გულწრფელები რომ ვიყოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთ გამოვიდოდა. თუმცა, 12 ნოემბრის მატჩი მილიონი პრობლემის გათვალისწინებით წავაგეთ.
– რამდენჯერაც კვარაცხელიას პრობლემა შეექმნება, გამოდის, მის გარეშე გუნდი არ უნდა გვყავდეს? ფაქტი ერთია, მე მაინტერესებს სპორტული შედეგები. არც ფეხბურთელების რაოდენობა, არც ხელოვნური საფარის დაგება და არც სხვა რამ მაინტერესებს – როცა 100-ის ნაცვლად 500 ლიცენზირებული მწვრთნელი გეყოლება, 100-ის ნაცვლად 500 მოედანი და ფეხბურთელების რაოდენობა 50 ათასიდან 100 ათასამდე გაიზრდება, ლოგიკურია, რომ შედეგი მოითხოვო. აბა, ეს ყველაფერი რისთვის გააკეთე, რომ ისევ ბოლო ადგილზე გახვიდე? შენი კლუბები და ნაკრებები სადღაც უნდა გავიდნენ. აბა როგორ უნდა შეგაფასო?
– ასე არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა აქვს „დინამო თბილისს“. მთაში რომ იყოს, დიდი გუნდები ჩამოვიდოდნენ, მოსამზადებელი შეკრებისთვის იქირავებდნენ და ივარჯიშებდნენ. მაგრამ რა მერე, თუ გუნდი ევროტურნირების ჯგუფში არ გავა და ნაკრებს არ დააკომპლექტებს.
– პერსპექტივა? ყურები კი არ უნდა ჩამოვყაროთ და კი არ უნდა ვთქვათ, ფული აღარ მივცეთო – ფული ყველა სფეროს უნდა. ფეხბურთს რომ წაართვან და სოფლის მეურნეობას მისცენ, რა გამოვა? ფულის მიცემა კი არაა პრობლემა, არამედ მისი სწორად დახარჯვა. კარგი იქნება, მეტი სტადიონი იყოს და სპორტულ სკოლებს უფრო დავეხმაროთ. 35-ე სკოლას სულ უჭირს, მაგრამ ბოლო წლებში იცით რამდენი ფეხბურთელი გაზარდა? სულ იმის ძახილი, რა კარგი ინფრასტრუქტურა გვაქვს, მიუღებელია – ამას შედეგები უნდა მოჰყვეს, რომ მეტი ბავშვი შევიდეს ფეხბურთზე და ირწმუნონ, რომ შედეგის მიღწევა შეიძლება. რატომაა რაგბზე ბუმი? რამდენი ბავშვი და მისი მშობელი ტელევიზორს ჩართავს, სულ წარმატების ამბავი ესმით. რატომ გვყავს ეს ამდენი წარმატებული ძალოსანი და მოჭიდავე? აბა, ერთი 10 წელი არავინ არაფერი გააკეთოს, ამითაც ბევრი აღარ დაინტერესდება.