საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გაგრძელდა „ფრანს ფუტბოლის“ მიერ შედგენილი მსოფლიოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრების განხილვა.
გაგრძელდა თემა, თუ რა გავლენას ახდენს მედიასთან ამა თუ იმ მოთამაშის პირადი ურთიერთობები. ამასთან დაკავშირებით, გადაცემა „ტაიმაუტში“ თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა საინტერესო ისტორია გაიხსენა.
„1973 წელს ერევნის „არარატს“ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გახდა და თასის ფინალში იმ დროის საუკეთესო გუნდს, კიევის „დინამოს“ 2:1 მოუგო. მაშინ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა არკადი ანდრეასიანმა, მაგრამ საუკეთესო მოთამაშედ მაინც კიევის „დინამოს“ თავდამსხმელი ოლეგ ბლოხინი დაასახელეს. მე საბჭოთა კავშირის ნაკრების შეკრებაზე მათ კამათს შევესწარი – ანდრეასიანი ეუბნებოდა, რომ ბლოხინმა ჟურნალისტებში საქმე ჩააწყო, რომ მასზე უკეთესი სეზონი ჰქონდა. კრუიფის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვედრა დიდი დანაკლისია, რადგან არიან პიროვნებები, რომლებიც ისტორიას ქმნიან. წარმომიდგენია, ამაზე ნიდერლანდებში რა რეაქცია ექნებოდათ“, – ამბობს გუცაევი.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გადაცემის სტუმარმა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ: „მე მგონია, რომ კრუიფი ის შემთხვევა იყო, როდესაც ჟურნალისტები საკუთარ პირადზე მაღლა უნდა დამდგარიყვნენ. „ფრანს ფუტბოლი“ დიდი გამოცემაა. რა თქმა უნდა, აქ აშკარა უსამართლობებია. პირველი თვალში სწორედ კრუიფის არყოფნა მომხვდა. ის არ იყო უბრალო ფეხბურთელი – ის იყო ეპოქალური ფეხბურთელი, ასეთივე მწვრთნელი და დიდი იდეების განმახორციელებელი. „ბარსელონას“ თამაშებზე ხშირად დავდივარ. ამ გუნდის ფანებმა გაფეტიშება არ იციან. მაგრამ კრუიფს ძეგლი დაუდგეს და თავისიანად თვლიან. მე ამ სიმბოლურ ნაკრებში ერთ საყრდენ ნახევარმცველს მოვხსნიდი და კრუიფს დავაყენებდი“.