რევაზ არველაძე აცხადებს, რომ რეგლამენტის პროექტს მხარს არ დაუჭერს, თუ პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი იქნება მითითებული
რევაზ არველაძე აცხადებს, რომ რეგლამენტის პროექტს მხარს არ დაუჭერს, თუ პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი იქნება მითითებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე პარლამენტის რეგლამენტის პროექტს მხარს არ დაუჭერს, თუ დოკუმენტში პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი იქნება მითითებული.

ოთხი კომიტეტის სხდომაზე, სადაც რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, არველაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის ადგილი ქუთაისში არ არის.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის ამოღება კაპრიზით არ მომხდარა.

„პარლამენტის ადგილი ქუთაისში არ არის. ნებისმიერი ენციკლოპედია აიღონ და წაიკითხონ, დედაქალაქი რა არის. მაშინ მიხვდებით, პარლამენტის გადატანისას რა მზაკვრული ჩანაწერი იყო. რამდენიმე ტვინგაცხელებულს დედაქალაქის სტატუსის შეცვლა აზრად მოუვიდა“, – აღნიშნა არველაძემ.

პარლამენტის რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებზე ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისია განსაზღვრული. უმრავლესობის ნაწილი ითხოვს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ან საერთოდ ამოიღონ, ან დოკუმენტში ქუთაისის მსგავსად, თბილისიც ჩაიწეროს.